მეცნიერული კვლევა და კარგი ინტუიცია - როგორ შევურჩიოთ ბიზნესს სახელი

BBC-ის შეფასებით, ბიზნესისთვის კარგი სახელის შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მითუმეტეს მაშინ, როცა „მსოფლიო ონლაინ რეჟიმში სულ უფრო მეტად გადადის.“

„ფირმის სახელწოდება, ასევე, კარგად უნდა მოერგოს დომეინის სახელს ინტერნეტში. კარგი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზების გარდა, მომხმარებელმა კომპანია ინტერნეტში ადვილად უნდა მოიძოს და დომეინის სახელი უნდა დაამახსოვრდე კიდეც“, - იუწყება BBC, რომლის მონაცემებითაც პანდემიის დროს ახალი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, სახელწოდების მოფიქრების პრობლემა ბიზნესში აქტუალურია.

ტელეკომპანიას დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მონაცემები მოყავს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვრამდე, ერთ წელიწადში 835 494 ფირმა დარეგისტრირდა. ეს წინა ერთ წელთან შედარებით, 41%-ით მეტია. რაც შეეხება აშშ-ს, გასულ წელს იქ 4,4 მილიონი ბიზნეს-ორგანიზაცია შეიქმნა, რაც 2019 წელთან შედარებით, 24%-ით მეტია. BBC-ის შეფასებით, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ახალი კომპანიების ბუმი ელექტრონული კომერციის შედეგად გაჩნდა, რადგან ინტერნეტით საქონელს სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს.

დროული და კარგი სახელის შერჩევაში, ასევე, შესაბამისი დომეინის დარეგისტრირებაში ბიზნესს სპეციალურად შექმნილი ვებგვერდები ეხმარება. ბიზნეს-სახელების შერჩევის ცნობილი საიტებია: Alter, BrandBucket, Frozen Lemon, Wix და Zyro.

„კომპანიების დასახელებაზე მოთხოვნა პანდემიის დროს გაიზარდა, რადგან ბიზნესმენები ისხდნენ და ბევრს ფიქრობდნენ, თუ რა მოემოქმედათ მომავლისთვის. მათ დაასკვნეს, რომ ინტერნეტში გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება აქვთ, ამიტომ ახალი კომპანიების უმრავლესობა ქსელშია ჩაშვებული, ეს კი მოითხოვს, იყო გამორჩეული. მომხმარებელი ხედავს, რომ ერთსა და იმავე პროდუქტს 100-მდე კომპანია ყიდის, ხოლო თუკი კარგი სახელწოდებით გამოირჩევი, ეს კომპანიას გაყიდვებში დიდ უპირატესობას ანიჭებს“, - აცხადებს Alter-ის დამფუძნებელი დევენ პატელი.

მისი ვებ-გვერდი მომხმარებლისგან, პირველ რიგში, იმ სიტყვის ჩაწერას მოითხოვს, რომელიც დაგეგმილი ბიზნესის ტიპს უკავშირდება, რის შემდეგაც მას სახელწოდების რამდენიმე ვარიანტს და მათი შეძენის ფასებს სთავაზობს. მაგალითად, Alter-ის საიტზე სიტყვა „ღვინის“ ჩაწერის შემდეგ, მომხმარებელი 10 ვარიანტს მიიღებს, მათ შორის, searchwine.com-ს, რომლის ფასიც 2099 დოლარია.

რა ხდება იმ შემთხვევაშ, თუკი ბიზნესმენს სახელი მოფიქრებული აქვს, მაგრამ ეს დმოეინი უკვე დაკავებულია, ანუ სხვის მიერ არის დარეგისტრირებული?! ასეთ პრობლემას თავის დროზე ილონ მასკი წააწყდა, რომელიც აცხადებს, რომ სხვის მიერ რეგისტრირებული დომეინის გაყიდვა ამ პირისთვის, შეაძლოა, შემოსავლის მეტად მომგებიან წყაროდ იქცეს. მაგალითად, 2018 წელს მასკი twitter-ზე წერდა, რომ კალიფორნიელ სტიუარტ გროსმანს 11 მლნ დოლარი გადაუხადა, რათა მის მიერ დარეგისტრირებული ვებგვერდი tesla.com შეეძინა. მანამდე მასკის კომპანია იძულებული იყო, teslamotors.com დომეინი გამოეყენებინა.

ბიზნესისთვის კარგი, ეფექტიანი დომეინების დამრეგისტრირებლ მეპატრონეებს Alter-ის მსგავსი საიტები მათ გაყიდვაშიც ეხმარება.

ფირმები ხშირად სახელსაც იცვლიან, რაც, ლონდონის ბიზნეს-სკოლის მარკეტინგის პროფესორ სიმონა ბოტის შეფასებით, სარისკო გადაწყვეტილებაა. მას შოტლანდიური საინვესტიციო კომპანია Abrdn-ს მაგალითი მოყავს, რომელმაც ჯერ კიდევ აპრილში გაავრცელა განცხადება, რომ სახელწოდება „Standard Life Aberdeen“-ს იცვლის და ახალ სახელს, „Abrdn“-ს ირქმევს. ამ განცხადების გამო ფირმა სოციალურ ქსელებში მასიური დაცინვის ობიექტი გახდა. თუმცა კომპანია, რომელმაც ახალი სახელი მარკეტინგული სააგენტო Wolff Olins-ის დახმარებით შეარჩია, კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ახალი სახელი ძველი ვერსიითაც, „Aberdeen“-ით გამოითქმის და თან უფრო თანამედროვე და დინამიურია.

პროფესორ ბოტის თქმით, ფირმებს სახელის შეცვლის ორი საშუალება აქვთ.

„თქვენ ეს შეგიძლიათ მეცინერულად, ანუ მკვლევარების, ექსპერიმენტებისა და ტესტების დახმარებით გააკეთოთ, რომ გაიგოთ, თუ რომელ სახლეზე რეაგირებენ მომხმარებლები დადებითად“, - აცხადებს სიმონა ბოტი და კანადური ტექნოლოგიური ფირმა Blackberry-ის მაგალითი მოყავს, რომელიც 2013 წლამდე „Research in Motion“ სახელით იყო ცნობილი.

„მათ მრავალი კვლევა ჩაატარეს, რომ შეესწავლათ, თუ როგორ რეაგირებდა ხალხი ახალ სახელზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ მოიწონა კომპანიის სახელწოდებისთვის თავისი ცნობილი პროდუქტის, მობილური ტელეფონის, Blackberry-ის სახელის შერჩევა, ამან ტელეფონის გაყიდვები მაინც ვერ გაზარდა“, - აცხადებს ბოტი.

ფირმები, რომლებმაც სახელები შეიცვალეს:

  • სენდვიჩების გლობალური ქსელი Subway პირველი ორი წელი, 1965-დან 1967 წლამდე „Pete's Super Submarines“-ად იწოდებოდა.
  • Facebook-ის თავდაპირველი სახელი იყო „Thefacebook.“
  • Weight Watchers 2018 წელს „WW“-ად გადაკეთდა.
  • იმავე წელს Wal-Mart-მა დეფისი ამოაგდო და გახდა „Walmart.“
  • Pepsi-ის თავდაპირველი სახელი იყო „Brad's Drink.“
  • ავტომწარმოებელ Nissan-ის წინა სახელი „Datsun“ იყო.
  • Ebay მანამდე ცნობილი იყო სახელით „AuctionWeb“.

პროფესორ ბოტის თქმით, სახელწოდების მეცნიერულად შერჩევის ალტერნატივა არის ის, რომ „ფირმები, უბრალოდ, თავიანთ ინტუიციას უნდა მიენდონ.“

ბრენდირების ექსპერტი, სააგენტო RBL-ის დამფუძნებელი, რებეკა ბეტმანი აცხადებს, რომ ბიზნესისთვის კარგი სახელის შერჩევა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია.

„მართლა ძალიან ცოტა ადამიანს ესმის, თუ რამდენად რთულია მოიძიო ან მოიფიქრო ისეთი სახელი, რომელიც ადვილად წარმოითქმის, მარტივად იწერება, გამოირჩევა შინაარსით, გამოხატავს ინდივიდუალობას, არის დაცული, კარგად ერგება დომეინს, ბიზნესის განვითარების სტრატეგიის ნაწილი ხდება და მასთან ერთად იზრდება“, - აცხადებს რებეკა ბეტმანი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ