ირაკლი ქარსელაძე - იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა იქნება ახალი სიცოცხლე რაჭისა და ზემო იმერეთისთვის

შარშან აგვისტოში შევებრძოლეთ ონის სტიქიას და ერთად გავუმკლავდით და გავაგრძელეთ ისე, რომ ის ჩვენი საუკეთესო გზები, რომელიც გვქონდა რაჭაში, აღგვედგინა. თითქმის დასრულებულია ხელოვნური ნაგებობები, დამცავი კედლები, ყველა ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომლის შემდეგაც დაზიანებული გზა აღდგება და საფარიც დაიგება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ონში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის სერგო ხიდეშელის წარდგენისას.

მინისტრმა ისაუბრა ჭიორა-ღების პროექტზე, რომელიც მიუხედავად აქტიური სამუშაოებისა, კონტრაქტორისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა, მაგრამ გაზაფხულზე უკვე დასრულდება.

„სექტემბერში გაიხსნება ისტორიული იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა. ახალი სიცოცხლე რაჭისთვის, ზემო იმერეთისთვის, ახალი შესაძლებლობა. გაცოცხლდა 6 სოფელი, გაათმაგდა მიწის ფასი და მოთხოვნა. ეს არის ჩვენი მომავალი. სახელმწიფომ ისე უნდა დაგეგმოს პროექტი, რომ პირველ რიგში ჩვენმა მოქალაქეებმა ისარგებლონ ამით. 10 000 კილომეტრი გზა დავაგეთ ჩვენ 8 წლის განმავლობაში, თბილისის და აჭარის გარდა. ჯამში, მთელ საქართველოში 21 000 კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს. თბილისს და აჭარას თუ დავუმატებთ 12 000 კილომეტრზე მეტი გზა დავაგეთ და ეს პროცესი გრძელდება,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ონში წყალმომარაგების პრობლემა არ არის, 3000 სოფელზე მეტი ჯერ კიდევ სტანდარტების შესაბამისი წყლის გარეშეა და ამ გამოწვევის დაძლევა გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მთავრობის 10 წლიან სტრატეგიაში. მან ასევე აღნიშნა, რომ 5 წელიწადშიც ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ონში კი დასრულდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა.