ბრაზილიის მაღაროებში თვითმავალ სატვირთო ავტომანქანებს იყენებენ

ბრაზილიურმა სამთომომპოვებელმა კომპანია Vale-მ თვითმავალი სატვირთო ავტომანქანების გამოყენება კიდევ ერთ მაღაროში დაიწყო. კომპანიის განცხადებას სააგენტო Reuters ავრცელებს.

Vale-მ ავტონომიური მართვის სატვირთოების ექსპლუატაცია ჩრდილოეთ ამაზონის შტატ პარაში მდებარე კარაჯასის უმსხვილეს კომპლექსში, რკინის საბადოს მოპოვების ოპერაციებზე დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმავალი სატვირთოების გამოყენებას გააფართოებენ.

Vale-ს ავტონომიური ტექნოლოგიების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, პედრო ბემფიკა აცხადებს, რომ ახალი ტექნოლოგიით კომპანია გათვლას წარმოებისა და უსაფრთხოების გაზრდაზე აკეთებს. მაღაროს 6 თვითმავალი მანქანა ჩვეულებრივზე ორჯერ მაღალი და სამჯერ განიერია. ის 320 ტონა რკინის საბადოს იტევს. მანქანებს „ბეჰემოტები“ უწოდეს და ისინი 120 ერთეული სტანდარტული სატვირთოს პარკთან ერთად იმუშავებენ. წლის ბოლოსთვის კომპანია კიდევ 4 თვითმავალი სატვირთოს დამატებას გეგმავს.

Vale-ს პროგნოზით, სწრაფად და გაუჩერებლად მუშაობის რეჟიმში თვითმავალი სატვირთოების საწვავის მოხმარება, სტანდარტულთან შედარებით, 5%-ით ნაკლები იქნება, რაც კომპანიას სითბური გაზების გამონაბოლქვის შემცირების გეგმაში დაეხმარება. გამძლე საბურავებისა და მცირეხარჯიანი სხვა დეტალების გამო, ნაკლები იქნება ცვეთასთან დაკავშირებული ხარჯებიც.

„რეალურად პრინციპული მიზანი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ სატვირთოებში ამ ტექნოლოგიას იმიტომ ვიყენეთ, რომ ამ სამუშაოსთვის თანდაყოლილი რისკებისგან ადამიანები ვიხსნათ,“ - აცხადებს პედრო ბემფიკა. მისი თქმით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ბრუკუტუს მაღაროზე კომპანიის მთლიანი პარკი 13 თვითმავალი სატვირთო ავტომანქანისგან შედგება, რომლებიც იქ 2016 წლიდან მუშაობენ და დღემდე მაღაროში არცერთი უბედური შემთხვევა არ მომხდარა.

ბემფიკა აცხადებს, რომ კარაჯასის უპილოტო სატვირთოების პარკის 37 ერთეულამდე გაზრდის მიზნით, კომპანია 64 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს. მისი თქმით, კარაჯასში Vale-ს, ასევე, ოთხი ავტონომიური საბურღი დანადგარი აქვს და წლის ბოლომდე კიდევ სამის დამატებას გეგმავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ