ავსტრალიაში უცხოელი მუშახელისთვის სასოფლო-სამეურნეო ვიზებს შემოიღებენ

სეზონური მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო, ავსტრალიის მთავრობამ სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ასევე, მეთევზეობის მუშებისთვის ვიზის შემოღება გადაწყვიტა. ინფორმაციას Freshfruitportal ავრცელებს.

ავსტრალიის სასოფლო-სამეურნეო ვიზა ხელმისაწვდომი იქნება იმ ქვეყნების განმცხადებლებისთვის, რომლებთანაც ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება მოქმედებს. სრული პირობები მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ვიზის ამოქმედებასთან ერთად შემუშავდება და განხორციელდება.

ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ დარგობრივ კონსულტაციებს გამართავს, რათა სოფლის მეურნეობის ცალკეული სექტორებისა და ბიზნესის საჭიროებებს გაეცნოს.

„ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ უცხოელი მუშახელისთვის მუდმივი საცხოვრებლისა და დროებითი რეგისტრაციის მინიჭების საშუალებას განვიხილავთ. ავსტრალიის კარანტინის ზონის რეგიონები კვლავ ყველაზე პრობლემური ადგილებია უცხოელი მუშების მოსაზიდად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მუშახელის დეფიციტია და მისი სასწრაფო შევსების საკითხი დგას,“ - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში.

კომპანია Citrus Australia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნათან ჰენკოკი აცხადებს, რომ ავსტრალიის მთავრობამ თავისი ინიციატივით ქვეყნის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის სექტორის წვლილი აღიარა და ფერმერების მხარდაჭერის აუცილებლობა გააცნობიერა, რომლებიც კოვიდპანდემიის შედეგებს დღემდე უმკლავდებიან.

ჰენკოკის თქმით, სასოფლო-სამეურნეო ვიზა ციტრუსის მწარმოებლებს გაუძლიერებს რწმენას, რომ ისინი წარმოების ინვესტირებას გააგრძელებენ და თავიანთ ფერმებსა და ბიზნესში მუშების მიზიდვას შეძლებენ. ციტრუსის მცირე მეურნეობებს ვიზა საშუალებას მისცემს, გამოცდილი, ნახევრადგამოცდილი და არაკვალიფიციური მუშები დაიქირაონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ