აშშ-მა უკრაინას კოვიდის სამკურნალო 20 მილიონი დოლარის წამლები გადასცა

აშშ-მა უკრაინას 20 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელშიც შედის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატები. დახმარების გაცემა მოხდა უკარაინის პრეზიდენტების შტატებში ვიზიტის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას შტატებში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დახმარება მოიცავს კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის გამოყენებულ 60 ათას ინოვაციურ პრეპარატს „ბამლავაინიმბ“ და „ეტიზვიმებს“. რომელთა ჯამური ღირებულება 20 მილიონი დოლარია. პრეპარატები განკუთვნილია დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმების მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს მძიმე ფორმაში გადასვლის რისკი.“ - აცხადებენ დიპლომატიურ უწყებაში.

მათივე ცნობით, ტვირთს ახლა განბაჟება ელის, რის შემდეგაც ის გადანაწილდება უკრაინის 24 ოლქში. მის გადანაწილებას უზრუნველყოფს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო.

ბოლო 24 საათში უკრაინაში კოვიდ-19-ის 1379 შემთხვევა დაფიქსირდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 2,3 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვალების 54 ათასი ფაქტი.

კოკა კვირკველია