"რამდენიმე თვის წინ, როცა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერის გადაწყვეტილება, ეტაპობრივად დაწყებულიყო ვალის შემცირება"

რამდენიმე თვის წინ, როცა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერ-მინისტრის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება, მითითება, სურვილი, რომ ეტაპობრივად, შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაწყებულიყო ვალის შემცირება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა მიღებული იყო გადაწყვეტილება ევროკავშირის კონკრეტულად ამ ტრანშთან დაკავშირებით, მთავრობა ხელმძღვანელობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

“ჩვენ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ვალი მნიშვნელოვნად გავზარდეთ. თუმცა, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ძალიან პრაგმატულმა, პასუხისმგებლიანმა და სწორმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გვქონოდა განსაკუთრებული ეკონომიკური ზრდა, რომელიც მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის კი არაა გამორჩეული, არამედ რეგიონალურადაა გამორჩეული. იცით, რომ ჩვენ საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვრამდე ავედით, რამაც ჩვენი შესაძლებლობები და მოქნილობა შეზღუდა, მათ შორის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული პროექტის განსახორციელებლად.

ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფინანსდება. ეს მოქნილობა ქვეყნის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია, მათ შორის ჩვენს სფეროშიც. ჩვენ გვაქვს გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი საირიგაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კერძოდ, წყალსაცავების, რომელიც აუცილებელია ქვეყნის წყალუზრუნველყოფისა და წყლის უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ შეგვექმნა, ბევრი პროექტის განხორციელებას ართულებდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, მთავრობაში იყო მსჯელობა და პრემიერ-მინისტრის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილება, მითითება, სურვილი, რომ ეტაპობრივად, შესაძლებლობიდან გამომდინარე, დაწყებულიყო ვალის შემცირება. როცა მიღებული იყო გადაწყეტილება ევროკავშირის კონკრეტულად ამ ტრანშთან დაკავშირებით, მთავრობა ხელმძღვანელობდა ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.