Tesla გერმანიის გიგაქარხნის მშენებლობისთვის მილიარდ ევროზე მეტ სახელმწიფო დახმარებას მიიღებს

გერმანიის მთავრობა წლის ბოლოსთვის დაასახელებს თანხის ოდენობას, რომელსაც, სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია Tesla-ს გადასცემს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ფინანსურ მხარდაჭერას ბერლინის მახლობლად დაგეგმილი ბატარეების ქარხნის მშენებლობისთვის მიიღებს. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა იანვარში ქარხნის მშენებლობის გეგმა მოიწონა, რომელიც ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის Tesla-ს, BMW-სა და სხვა მწარმოებლების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბლოკის მიზანია, დარგის ლიდერის, ჩინეთის იმპორტი შეამციროს. ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პროექტი, European Battery Innovation 2,9 მლრდ ევროს (3,45 მლრდ დოლარის) ღირებულებისაა და მასში 40-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ეს პროექტი 2017 წელს ჩაშვებული European Battery Alliance-ის გაგრძელებაა, რომელიც მოპოვებითი ენერგიიდან ელექტრომობილებზე გადასვლის მიზნით, დარგის მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, Tesla ბერლინთან ახლოს, გრიუნჰაიდში აკუმულატორების ქარხნის მშენებლობაში 5 მლრდ ევროს ინვესტირებას გეგმავს. ეს ქარხანა ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის დანამატი იქნება, რომლის მშენებლობაც იმავე ადგილზე, თითქმის, დასრულებულია.

„ინვესტიციების უჩვეულოდ დიდი ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილების ამერიკული მწარმოებელი 1,14 მლრდ ევროს ოდენობის გერმანიის სახელმწიფო სუბსიდიაზე აკეთებს გათვლას,“ - წერს ადგილობრივი გაზეთი Tagesspiegel. მისი ვერსია, თითქმის, ემთხვევა Business Insider-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომ Tesla, სახელმწიფო ფინანსირების ფარგლებში, გერმანიის მთავრობისგან ქარხნის მშენებლობისთვის 1 მლრდ ევროზე ნაკლებს არ მიიღებს.

თუმცა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროში საბოლოო თანხას ჯერ არ ასახელებენ, რადგან ავტომწარმოებელსა და ევროკომისიას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. სამინისტრო თანხის ოდენობას წლის ბოლოსთვის დაასახელებს.

აგვისტოში Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა იმედი გამოთქვა, რომ გრიუნჰაიდის ქარხანა პირველ ელექტრომობილებს ოქტომბერში ან შემდგომ მოკლე პერიოდში გამოუშვებს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის გიგაქარხნის გახსნა Tesla-მ ერთხელ უკვე გადადო და ამის მიზეზად გერმანიის ბიუროკრატული ბარიერები დაასახელა. ამასთან, ქარხნის მშენებლობას, გარემოს დაცვის კუთხით, ადგილობრივი მოსახლეობაც შეეწინააღმდეგა.

გასულ კვირას გერმანიის ეკონომიკის მინისტრ პიტერ ალტმაერმა განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი Opel კაიზერსლაუტერნში აკუმულატორების ქარხნის მშენებლობისთვის 437 მლნ ევროს სახელმწიფო გრანტს მიიღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ