ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესები განახლდა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესები განახლდა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით ჩვენებას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი გიორგი ბარამიძე აძლევს.

როგორც პროცესის დაწყებამდე "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, პროცესები დაჩქარებული წესით ტარდება.

„ვუახლოვდებით რეფერენდუმის დღეს, რამდენიმე კვირა დარჩა, ამიტომაც ჩემი ოჯახის სასამართლო განახლდა და იქნება დაჩქარებული წესით. არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების სასამართლო, კრიტიკული მედიის ოჯახის წევრებზე, მედიამენეჯერებზე განახლდა სხდომები და დარწმუნებული ვარ, დაჩქარებული წესით იქნება. დასავლეთი, ევროპა სასამართლოს ეუბნება, ნუ სხედხართ გამომპალ "მოსკვიჩზე", დაგეხმარები, რომ "მერსედესზე" გადაგსვაო, მაგრამ ხელისუფლებამ ტანზე შემოიხია, გამომპალი სისტემა უნდა, უნდა რომ მურუსიძე "ჯოისტიკზე" ჰყავდეთ, ამიტომაც ხდება ეს, არანაირი დახმარება არ უნდათ, რადგან უნდათ, რომ გამომპალ "მოსკვიჩზე" ისხდნენ და როგორც უნდათ, ისე ჰყავდეთ სასამართლო",- განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.