რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ინვესტიციის სანაცვლოდ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა მოთხოვა

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდისკენ მოუწოდა. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ვერ მოგვარდება. ინფორმაციას სააგენტო „აპსნიპრესი“ ავრცელებს.

„მხოლოდ ტარიფის ხარჯზე არის შესაძლებელი იმ ქსელების მოვლა და განახლება, რომლებიც აფხაზეთში სერიოზულად გაცვეთილია. სამწუხაროდ, ელექტროქსელში დიდი ხანია, ფული არ ჩადებულა და რაც ახლა იქ ხდება, ამას მხოლოდ ნარჩენების მოვლა-პატრონობა შეიძლება, ეწოდოს," - აცხადებს გრაბჩაკი.

მისი თქმით, აფხაზეთის ენერგეტიკის სექტორში მეორე პრობლემა ის არის, რომ ელექტროენერგიის საფასურს, თუნდაც დაბალ გადასახადს, ბევრი არ იხდის. რუსმა ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ თუ ეს ორი საკითხი მოგვარდა, ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთის ენერგოქსელის განვითარებაში ინვესტიციებს განახორციელებს.

ცნობილია, რომ აფხაზეთში ენერგეტიკული სისტემა ვადაგასულია და თანამედროვე დატვირთვას ვერ უძლებს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს კრიპტოვალუტის არალეგალური და მზარდი მაინინგი. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთ გამოსავლად ელექტროენერგიის მცოცავი გრაფიკით გათიშვას მიიჩნევს, რასაც რეგულარულად აკეთებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ