"ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა"

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 %-ზე მეტი შეადგინა და 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26% და 96% შეადგინა.

„ჩვენი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად და მდგრადად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა, რაც ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ეს არის აქტიური მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე კონკრეტული ტურისტული პროდუქტის შეთავაზებით, მეორე მხრივ, ეს არის ტურიზმის კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორც ვაქცინაციაზე, ასევე რეგულაციების დაცვაზე.

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ავიაციის ტემპი ძალიან მაღალია 2019 წელთან შედარებით და ასევე აღსანიშნავია, რომ შეინიშნება ვიზიტორთა მატება“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებს სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დღეს გააცნო. 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა.