რას გვისურვებენ ეკონომიკის ექსპერტები 2015 წელს?

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე თქვენი საიტის ერთგული მომხმარებელი ვარ, თანაც, ყოველდღიური მომხმარებელი”. 

სულ რამდენიმე საათი და ახალი, 2015 წელი კარს შემოაბიჯებს. მიუხედავად უამრავი პრობლემისა და საფიქრალისა, ყველა ცდილობს ხალისითა და იმედით შეეგებოს ამ ლამაზ დღესასწაულს. ჩვენც გადავწყვიტეთ, ახალი წელი იმ ადამიანებთან ერთად მოგილოცოთ, რომლებიც მთელი გასული წლის განმავლობაში ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ამჯერად გადავწყვიტეთ მათგან ეკონომიკური მოვლენების შეფასებისა და ანალიზის ნაცვლად, საახალწლო მილოცვები და სურვილები მოგვესმინა.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის" გენერალური დირექტორი: "პირველ რიგში თქვენს შემოქმედებით ჯგუფს მინდა მივულოცო ახალი წელი. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი გამორჩეული სააგენტოა, რომელიც დახვეწილობითა და საკმაოდ მაღალი პროფესიული დონით გამოირჩევა. გისურვებთ კიდევ უფრო განვითარებას, ბევრ მკითხველს, უფრო მეტ რეკლამას და უამრავ საინტერესო სიახლეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ გაშუქებასაც ისეთივე მაღალ პროფესიულ დონეზე შეძლებთ, როგორც აქამდე ახერხებდით. იმედია, მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან მედიის როლი ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გაშუქებაში მეტად დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩემი პოზიცია ასეთია: არც ერთ შეკითხვას არ უნდა გავექცე და მედიასთან მაქსიმალურად უნდა ვიმუშაო. თქვენი საიტის მიმართაც ანალოგიური მიდგომა მაქვს. თითოეულ თქვენს მკითხველს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და იმედი მაქვს, რომ მომავალ 2015 წელს კვლავაც ერთად ვიქნებით".

ლევან კალანდაძე - ეკონომიკის ექსპერტი: "თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე თქვენი საიტის ერთგული მომხმარებელი ვარ, თანაც, ყოველდღიური მომხმარებელი. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ საიტიდან მიღებული ინფორმაცია - არა მხოლოდ საინტერესო "ნიუსების" გამო, რომლებიც ყოველთვის მრავლად გაქვთ, არამედ ანალიტიკური ხასიათის პუბლიკაციების გამო, რომელიც ბპნ-გე-ს სხვებისაგან გამოარჩევს. დღეს ჩვენს საინფორმაციო სივრცეში ეკონომიკური ანალიზისა და ანალიტიკის დეფიციტი აშკარად იგრძნობა, ამიტომ, რაღაც გამორჩეული, კომფორტული დამოკიდებულება მაქვს ამ საიტის მიმართ. გისურვებთ, მომავალში უფრო მეტი პოზიტივი გვქონოდეს ჩვენს ეკონომიკაში, ბიზნესში. ბუნებრივია, მედია პოზიტივს ხელოვნურად ვერ შექმნის, ის თავად ეკონომიკამ, ბიზნესმა უნდა შექმნას. თქვენ კი ჩვენთან ერთად ამის მიმოხილვა და ანალიზი უნდა გააკეთოთ. გამომდინარე აქედან, მინდა ვისურვო, რომ მომავალში უფრო მეტი სასიამოვნო სიახლე გვქონდეს და 2015-შიც ერთად გავაგრძელოთ ის საქმე, რომელსაც ერთად ვემსახურებით. ჩვენს ხალხს კი, აურაცხელი სიკეთე მინდა ვუსურვო, რომელიც ეკონომიკურ ზრდასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობაში გამოიხატება. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და მიხარია, თუ ამ საქმის თანამონაწილე მცირედით მაინც ვარ".

თემურ მაისურაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე: "მინდა თქვენს კოლექტივს წარმატებები ვუსურვო. მომწონს, რომ ჩემთან ყოველთვის საქმიანი და სწორი შეკითხვები გაქვთ, ისიც ძალიან მომწონს, რომ თქვენს საიტზე არ იკვეთება მისწრაფება იაფფასიანი სენსაციებისა და სკანდალებისაკენ. ყველა პრობლემას აშუქებთ ძალიან კარგად, საქმიანად და მეც ამიტომ ვთანამშრომლობ თქვენთან. მართალია, ჩვენს ეკონომიკაში სირთულეები არის, ალბათ შეიძლებოდა ბევრი რამ უფრო კარგად წარმართულიყო, არის პრობლემები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პრობლემები ერთ-ორ წელიწადში ვერ გადაწყდება. მეც დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართული ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით გაიზარდოს, მაგრამ არც ის გვინდა, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ჩაერიოს ამ პროცესში. ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა და სურვილია, რომ რაც წინა წლებში ვერ შესრულდა, უახლოეს წლებში მაინც შესრულდეს.

მინდა ახალი წელი მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს და ვურჩიო, რომ უფრო აქტიურები და მიზანსწრაფულები იყვნენ. ცუდია, როდესაც ადამიანი ხელისუფლების იმედზეა და მუდმივად სხვისგან ელოდება რაღაცას. თვითონაც უნდა შრომობდეს, აქტიურობდეს, რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს. ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუკი ვინატრებ, რომ მომავალი წელი იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე 2014 წელი იყო!"

სოსო არჩვაძე, ესპერტი ეკონომიკის საკითხებში: "პირველ რიგში, თქვენს საიტს მივულოცავ ახალ, 2015 წელს და მკითხველთა რაოდენობის ზრდას გისურვებთ. ამავე დროს, უფრო მეტ საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას, დადებით განწყობასა და სასიამოვნო ემოციებს. ჩემს თანამემამულეებს კი, პირველ რიგში მშვიდობას ვუსურვებ, რადგან ამის გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ბიზნესი და ყველაფერი აზრს დაკარგავს. უმუშევრობა, არასტაბილურობა და სხვა პრობლემები, რომლებიც ჩვენს ხალხს წინა წლებში აწუხებდა, უმოკლეს დროში დაგვეძლიოს. როგორი იქნება მომავალი წელი? - ეს არა მარტო გარემო პირობებზეა დამოკიდებული, არამედ ყოველ ჩვენთაგანზე, თითოეულ ადამიანზე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი მომავალში უფრო შორსმჭვრეტელი იქნება და თავის ბედს, თუ ქვეყნის მომავალს მხოლოდ ემოციების კარნახით არ გადაწყვეტს. ჩვენს ხასიათში შეუპოვრობაც არის, შრომისმოყვარეობაც და ბევრი ისეთი თვისება, რომელიც უკეთესი მომავლის აშენებაში დაგვეხმარება. ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს და ბედნიერ ხვალინდელ დღეს გისურვებთ"!

ხათუნა ჩიგოგიძე