200 ათას კგ-ზე მეტი უკან გაბრუნებული კარტოფილი - საიდან შემოდის პროდუქტი

8 დღეში საქართველომ ექსპორტიორ ქვეყანას 74.02 ათასი კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნა, 2021 წლის იანვრიდან დღემდე კი - 201.82 ათასი კგ. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამის მიზეზი, ყველა შემთხვევაში, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენა გახდა.

უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. შესაბამისად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

8 დღით ადრე ( 26 აგვისტოს) ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდა 24 800 კილოგრამი კარტოფილი. მიზეზი აქაც, პროდუქტში საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენა გახდა.

ასევე, აგვისტოში, საბაჟო გამშვები პუნქტიდან „სარფი“, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება გაბრუნდა. მიზეზი კვლავ ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები იყო.

მანამდე, ექსპორტიორ ქვეყანას საქართველოს საზღვრიდან 26 800 კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნდა, აქაც მიზეზი პროდუქტში მავნე ნივთიერებების აღმოჩენა იყო. 2021 წლის თებერვალში კი, საქართველოდან კარტოფილი მწარმოებელ ქვეყანას ორჯერ დაუბრუნდა, ერთხელ - 24 500 კილოგრამი და მეორედაც 24 500 კილოგრამი. ორივე შემთხვევაში პროდუქტში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საიდან და რა რაოდენობის კარტოფილს ყიდულობს საქართველო.

2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 7 789 ტონა (1.712 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 649 ტონა (3.173 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქტი შევიძინეთ, ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი - 6 473 ტონა (751.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდი - 635, 35 ტონა (507.4 ათასი აშშ დოლარი)
  • გერმანია - 350, 5 ტონა (308.9 ათასი აშშ დოლარი)
  • დანია - 91, 25 ტონა (58.9 ათასი აშშ დოლარი)
  • ირანი - 90, 55 ტონა (17.8 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი -68, 6 ტონა (29.4 ათასი აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 41, 25 ტონა (29.8 ათასი აშშ დოლარი)
  • ეგვიპტე - 29 ტონა (6.1 ათასი აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 9, 55 ტონა (2.3 ათასი აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური