„წინასაარჩევნო კამპანიას სათამაშო ბიზნესის ფულის გავლენა ეტყობა“ - ორგანიზაციის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“  საგანგებო მიმართვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას სათამაშო ბიზნესის სასწრაფოდ შეზღუდვისკენ მოუწოდებს.

მათივე შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნული ბიზნესის ეფექტურად დარეგულირების ნაცვლად, კვლავაც მის პოპულარიზაციას ეწევა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებს, რომ წყალტუბოსა და გონიოს, ახალ, ე.წ. „ლას-ვეგასებად“ გადააქცევს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვაშია აღნიშნული, პრემიერის განცხადებების და მის მიერ დასახელებული, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების მიხედვით, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას სათამაშო ბიზნესის ფულის გავლენა ეტყობა.

„მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიამ საზოგადოების იმედები გააქარწყლა. როგორც ჩანს, ამაოდ გვეგონა, რომ ხელისუფლება ადექვატურად უპასუხებდა მოლოდინს ათეულ ათასობით ოჯახისა, რომლებიც სათამაშო ბიზნესის გამო გაკოტრდნენ და უკიდურეს სიღარიბეში ჩაეფლნენ. ამ კოშმარულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად განაპირობა კრიმინალის და სუიციდის ზრდა, მოთამაშეთა ნაწილმა, როგორც დაურეგულირებელი სათამაშო ბიზნესის მსხვერპლმა, სიცოცხლე მოისწრაფა.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება აღნიშნული ბიზნესის ეფექტურად დარეგულირების ნაცვლად, კვლავაც მის პოპულარიზაციას ეწევა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებს, რომ წყალტუბოსა და გონიოს, ახალ, ე.წ. „ლას-ვეგასებად“ გადააქცევს.

უმაღლესი ხელისუფალი ერთის მხრივ, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მისი უფროსი ქართველი ხალხია და ამავე დროს ხალხის აზრს არ ითვალისწინებს, ქვეყნის მწარმოებელუნარიანობის საფუძველზე ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხო განვითარების სტრატეგიის განვითარების ნაცვლად საეჭვო პოლიტიკას ეწევა, კორუფციულ გარიგებებს და კონკრეტული ბიზნესმენების ფინანსურ ინტერესებს ახალისებს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან სათამაშო „ბიზნესი“ საყოველთაო დოვლათს კი არ ქმნის, ძარცვავს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს, პანდემიის უმძიმეს პირობებში, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ძირითადად ონ-ლაინ კაზინოების საშუალებით (რადგან პანდემიის გამო რეგულაციებით სახმელეთო კაზინოები, სლოტ-კლუბები და სხვა არ მუშაობდა), 35 მილიარდ ლარს გასცდა, რაც შესაბამისად უნდა ასახულიყო ბიუჯეტში. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ონ-ლაინ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა არასათანადოდ კონტროლდება. ამასთან, ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა აღნიშნული ბიზნესის რამდენიმე მფლობელის შემოსავალი, რომელთაგან ზოგიერთი კარგა ხანია აქტიურ პოლიტიკაშიცაა ჩაბმული. სამწუხაროდ, პრემიერის განცხადებების და მის მიერ დასახელებული, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების მიხედვით, მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას სათამაშო ბიზნესის ფულის გავლენა ეტყობა.

სათამაშო ბიზნესის შეუზღუდავი, მასობრივი რეკლამა და პოპულარიზაცია ჭაობში ითრევს ჩვენს ახალგაზრდებს და დამოკიდებულს ხდის ისეთ უმძიმეს ქცევით დაავადებაზე, როგორიცაა გემბლინგი.

ქვეყანაში, სადაც დაუნდობელ "კოვიდ ომში" ყოველდღიურად ათეულობით ადამიანს ვკარგავთ, მთავრობის უპირველესი საზრუნავი არა სათამაშო ბიზნესის გახსნა და ახლის დამატება, არამედ საერთოდ დახურვა და ერთ ან ორ დაუსახლებელ ლოკაციაზე გადატანა უნდა იყოს.

არსებული მდგომარეობის სწრაფად და ეფექტურად შემსუბუქების და ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაიცვან და განახორციელონ კონსტიტუციით აღიარებული, ადამიანის სასიცოცხლო უფლებები:

  • აკრძალოს სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი სახის (მათ შორის ინტერნეტით) რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის აიკრძალოს ყველა სახის ონ-ლაინ მომგებიანი თამაშები;
  • სახმელეთო სათამაშო ბიზნესი უახლოეს პერიოდში გადაიტანონ მხოლოდ დაუსახლებელ ერთ ან ორ ლოკაციაზე;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის ასაკობრივი ცენზი დაწესდეს 25 წლიდან ზემოთ;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესდეს ფინანსური ცენზი და თამაშის უფლება მიენიჭოს მხოლოდ წელიწადში 40 000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე პირებს და წაგების მარჟა არ უნდა აღემატებოდეს მათ მიერ დადებული ფსონის 5%-ს;
  • დაწესდეს მოთამაშეთა რეესტრი და განრიდების (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა) სია;

შესაბამისი პოლიტიკური მიმართულება დააფიქსიროს არჩევნებში მონაწილე ნესბიმიერმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, არამხოლოდ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელმა,“-აღნიშნულია მიმართვაში.

თაია არდოტელი