ჰონგ-კონგში შინაური ცხოველების კრემატორიუმების რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში შინაური ცხოველების კრემატორიუმების რაოდენობა იზრდება. ჰონგ-კონგში, სადაც მიწა ძვირია, დაკრძალვის ხარჯები კი დიდი, შინაური ცხოველების უკვე ათზე მეტი კრემატორიუმი არის გახსნილი. ძაღლების სამაშველო თავშესაფარ Paws Guardian Rescue Shelter-ის მფლობელმა, კენტ ლუკმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ დაახლოებით, 500-მდე უპატრონო ძაღლზე ზრუნავს და მათი სიკვდილის შემთხვევაში ურჩევნია, კრემატორიუმს მიმართოს, ვიდრე ხელისუფლებას, რადგან ამ უკანასკნელის შემთხვევაში ცხოველის ნეშტი შესაძლოა, ქალაქის რომელიმე ნაგავსაყრელზე აღმოჩნდეს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდნენ. ჩვენ გვინდა, რომ მათ ბოლო პატივი მიაგონ, რის საშუალებასაც ცხოველთა დამკრძალავი ბიუროები იძლევიან, როგორიცაა, მაგალითად, Rainbow Bridge,“ - აცხადებს ლუკი. მისი თქმით, ამ ბიუროებში კრემაციის გადასახადი განსხვავებულია: ზოგან სიმბოლური ფასია. ზოგან კი 180 დოლარიდან იწყება და ცხოველის ზომაზე არის დამოკიდებული.

„მეპატრონეებს საშუალება ეძლევათ, თავიანთ ბინადრებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში გამოემშვიდობონ, ბოლო პატივი მიაგონ, კრემაციის შემდეგ კი ფერფლი დამკრძალავი ბიუროს ბაღში მოაპნიონ ან შინ წაიღონ,“ - აცხადებს კენტ ლუკი.

ჰოგკონგელ ჯოი ვონგმა თავისი კატის ფერფლი აივანზე მდებარე პალმის ძირში მოაპნია. ის აცხადებს, რომ სურდა, თავისი კატა, რომელსაც „სუეტ სუეტი“ ერქვა, ისეთივე პატივით დაეკრძალათ, როგორც ადამიანებს კრძალავენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ