სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედს ლანდშაფტის ზონის სტატუსი შეეცვალა.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტის დაცვის ზონას სტატუსი შეეცვალა და ეს ზონა როგორც საქმიან და საცხოვრებელ ზონად ჩამოყალიბდა.

საკითხს გუშინდელ სხდომაზე ორჯერ უყარეს კენჭი. კერძოდ, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თხოვნით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმიდან ცალკე საკითხად გამოიყო სოლოლაკის ქედის ლანდშაფტის ზონის სტატუსის ცვლილება. ამ საკითხზე კენჭისყრისას მომხრე იყო 12 დეპუტატი, მოწინააღმდეგე კი - 23. შემდგომ, დეპუტატებმა კიდევ უყარეს კენჭი, ამჯერად გენგეგმაში ცვლილების შეტანის საკითხს და მას 23 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციები და მათ შორის ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები" ითხოვდნენ სოლოლაკის ქედისათვის ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხი მინიმუმ 10 დღით მაინც გადაედოთ, რათა ექსპერტებს, ურბანისტებს, არქიტექტორებს, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შესაძლებლობა ჰქონოდათ გაცნობოდნენ "პანორამა თბილისის" პროექტს.

კერძოდ, სხდომაზე საკითხის გადადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციები დააფიქსირეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ლია ჯახველიძემ. ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ. ისინი აცხადებდნენ, რომ "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები გააჩნია, რომელიც პასუხებს საჭიროებს, ასევე, პროექტის ავტორებმა და ინვესტორებმა ამ განხილვების დროს უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ეს კარგი პროექტია.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე თბილისის საკრებულოს სხდომაზე გენგეგმაში ცვლილების შეტანის საკითხის წარმდგენმა, არქიტექტურის სამსახურის ქალაქგეგმარების დეპარტამენტის უფროსმა ოთო ნემსაძემ განაცხადა, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია ეკონომიკის სამინისტროშია შესული და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მათგან გამოითხოვონ ეს დოკუმენტაცია. ოთო ნემსაძემ ასევე დასძინა, რომ პროექტს გააჩნია ყველა საჭირო დასკვნა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი და შესაძლებლად მიაჩნია ამ პროექტის განხორციელება.

საკითხის განხილვას სხდომაზე ასევე თვალყურს ადევნებდნენ სხვადასხვა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი დღეს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ და ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდათ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა შესაძლებლობა მისცა "თბილისის ჰამქარის" გამგეობის წევრს, ცირა ელისაშვილს სხდომაზე საკრებულოს წევრებისთვის მიემართა და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა. ცირა ელისაშვილის განცხადებით, ამ პროექტის საზოგადოებრივი განხილვის გარეშე მიღება სამ საერთაშორისო კონვენციას ეწინააღმდეგება, რომელთაგან ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ითვალისწინებს. მისივე თქმით, თბილისის ისტორიული ნაწილი ელოდება იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შეტანას და სოლოლაკის ქედისთვის ლანდშაფტის სტატუსის შეცვლა ამ ნუსხაში შეტანას დააბრკოლებს. მისივე განცხადებით, თუ საკრებულო სტატუსის ზონის შეცვლას მხარს დაუჭერს, ისინი სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დღეს საკრებულოს სხდომაზე კონკრეტული ტერიტორიის ზონის ცვლილების საკითხს იხილავდნენ და არა "პანორამა თბილისის" პროექტს. კერძოდ, მისი თქმით, ლანდშაფტის ცვლილების საკითხი "პანორამა თბილისის" პროექტთან მიბმული არ არის და ამ პროექტის განხილვა და მსჯელობა შემდგომაც შეიძლება.