თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეხუთე და შემდგომი ტალღების გავრცელებაც სავსებით შესაძლებელია, ვინაიდან ვირუსულ ინფექციებს ციკლური მიმდინარეობა აქვთ.
მისივე განმარტებით, თუ დეკემბერში პირბადის ტარება 95%-მდე ავა, დეკემბრისთვის 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. ამასთან, თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე.
"დასაშვებია იყოს მეხუთეც და შემდგომ მეექვსე ტალღებიც, ვირუსულ ინფექციებს აქვთ ციკლური მიმდინარეობა, მით უმეტეს ოქტომბრის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება რესპირაციული ვირუსების სეზონი და კორონაც გახლავთ რესპირაციული ვირუსი. მეხუთე ტალღისთვის საჭიროა ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ გავიკეთოთ პირბადე - ყველაზე დიდი დამცველი საშუალება და ავიყვანოთ ტარების 95%-ზე. ამ შემთხვევაში დეკემბრისთვის გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს. თუ 1000 ადამიანი ორჯერადად აიცრება, ეს არის ერთი გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ თუ მეხუთე ტალღისთვის შეიქმნება კოლექტიური იმუნიტეტი და ჩავატარებთ მილიონ აცრას ოქტომბერში, შედარებით მსუბუქად გადავიტანთ მეხუთე თუ მომდევნო ტალღას. მთავარია იყოს კუმულაციური იმუნიტეტი ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგოდ და ვატაროთ პირბადე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.