გერმანიის ხელისუფლება სმარტფონების მწარმოებლებს 7-წლიან გარანტიას კანონით დაავალდებულებს

გერმანიაში სმარტფონების მწარმოებლებს თავიანთ პროდუქციაზე 7-წლიან გარანტიას მალე კანონი დაავალდებულებს. ამის შესახებ გერმანული ტექნოლოგიური პორტალი Heise Online წერს.

საიტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გერმანიის ხელისუფლება მოლაპარაკებებს ევროკომისიასთან აწარმოებს, რათა სმარტფონის წარმოებიდან მომდევნო შვიდი წელი მოწყობილობას მწარმოებლისგან პროგრამული უზურნველყოფის მხარდაჭერა ჰქონდეს და კომპანიას ეს კანონმა დაავალდებულოს. ეს სმარტფონებისა და პლანშეტების წარმოებაში გამკაცრებულ ეკოლოგიურ ზომებს უკავშირდება. როგორც პორტალი წერს, შვიდწლიანი გარანტია არა მხოლოდ პროგრამულ განახლებას, არამედ მაკომპლექტებელი დეტალებით უზრუნველყოფასაც შეეხება.

სმარტფონების დეტალებით უზურნველყოფა წარმოებიდან 5 წლის, პლანშეტებისთვის კი 6 წლის განავლობაში უნდა მოხდეს, ხოლო მოწყობილობის შეკეთების ვადა 7 წლამდე გაიზარდოს. ეს ევროკომისიის მიერ დაწესებულ ვადაზე ორი წლით მეტია. ამასთან, გერმანიის ხელისუფლება მოითხოვს, მწარმოებლებმა მაკომპლექტებელი დეტალების ფასები გამოაქვეყნონ და საგარანტიო ვადაში არ გაზარდონ.

Apple, Google, Huawei და Samsung გაჯეტების ტექნიკური მხარდაჭერის სამწლიან, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის ორწლიან ვალდებულებას ემხრობიან.

კოკა კვირკველია