BP-ს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავსტრალიურ კრედიტორ ფირმა Macquarie Group-თან ერთობლივ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ატარებს მწვანე წყალბადის წარმოების მიზნით. კვლევა კომპანიის ყოფილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ტარდება, რომელიც პერთას მახლობლად, დასავლეთ ავსტრალიაში მდებარეობს.
კვლევა ითვალისწინებს კვინანას ინდუსტრიული ზონის დეკარბონიზაციას, სადაც განთავსებულია რამდენიმე ელექტროსადგური, მინერალური, ქიმიური და ცემენტის ქარხნები დიდი რაოდენობის გამონაბოლქვით.
„ეს ადგილობრივი ინდუსტრიული მოთხოვნილებისა და პარტნიორული ურთიერთობის ტესტი იქნება, რათა მწვანე წყალბადის წარმოებისთვის კვინანაში ფართომასშტაბიანი ელექტროლიზერი აშენდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, გასული წლის ოქტომბერში BP-მ ავსტრალიის მთავრობა გააოგნა, როცა კვინანას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ ამ ობიექტისთვის სხვა ვარიანტებს შეისწავლიდა, მათ შორის სუფთა ენერგიის ცენტრის გახსნას, სადაც ნახშირბადის დაბალი შემცველობის საწვავს აწარმოებენ და შეინახავენ.
400 000 ავსტრალიური დოლარის ღირებულების კვლევას ფინანსურად დასავლეთ ავსტრალიის მთავრობაც ეხმარება. კომპანიები მოელიან, რომ კვლევა 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
BP-მ ახლახან კიდევ ერთი კვლევა დაასრულა, რომლის დასკვნითაც, დასავლეთ ავსტრალიის ცენტრალური რეგიონი წყალბადის ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის კარგი ადგილი იქნებოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ