ვისთვის „დუღს“ საქართველოს ეკონომიკა

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფრაზა „ეკონომიკის დუღილია“. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და დუღილის პროცესშია. ეს ფრაზა გაიზიარეს უმრავლესობაში მყოფმა პირებმაც, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

პრემიერის განცხადებას, რომ ქვეყანაში ეკონომიკა „დუღს“, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა გააკრიტიკა, ზოგსაც პრემიერის ეს გამონათქვამი სასაცილოდ არ ეყო. საბოლოო ჯამში, ყველას ერთი კითხვა აწუხებს, სად ან ვისთვის „დუღს“ ქვეყნის ეკონომიკა. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა მოვლენებს ეტაპობრივად მივყვეთ.

მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 44%-ით გაიზარდა. ზრდა გაგრძელდა მომდევნო თვეების განმავლობაშიც და მიმდინარე წლის 7 თვეში, ქვეყნის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.2%-ით გაიზარდა. ცხადია, ასეთი მასშტაბური ზრდის ძირითადი მიზეზი 2020 წლის საბაზისო ეფექტს უკავშირდება, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ წინა წელს ეკონომიკა რეცესიაში იყო.

მაგრამ აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ წელს ეკონომიკა პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტატისტიკების გამო პრემიერ- მინისტრმა სიამაყით განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა „დუღს“.

რას ნიშნავს როცა ეკონომიკა იზრდება?

ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იწარმოება უფრო მეტი პროდუქტი და უფრო მეტი მომსახურება. ცხადია, როცა წარმოება იზრდება, მას უნდა მოჰყვეს მუშახელზე მოთხოვნის ზრდა, რადგან ესა თუ ის კომპანია უფრო მეტს აწარმოებს. შესაბამისად, უმუშევრობა უნდა შემცირდეს, ხოლო დასაქმება გაიზარდოს.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ სიამაყით გაჟღენთილი ეკონომიკური ზრდის სტატისტიკის პარალელურად, „საქსტატი“ სხვა სტატისტიკებსაც აქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად უმუშევრობის სტატისტიკა. უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ეკონომიკის მასშტაბური ზრდისა, უმუშევრობა არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და 2021 წლის მეორე კვარტალში 22.1% შეადგინა. არადა ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ ეკონომიკის ზრდას უმუშევრობის შემცირებაც უნდა მოჰყვეს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა.

ამ ყველფრის ფონზე კი ლოგიკური კითხვა ჩნდება- ვისთვის „დუღს“ საქართველოს ეკონომიკა? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეკონომიკა არაინკლუზიურია, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილი დოვლათის დიდი წილი მოსახლეობის მცირე ნაწილზე მოდის და ხეირს სწორედ ეს ადამიანები ნახულობენ. აქედან გამომდინარე, ეკონომიკა შესაძლოა ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის „ადუღდა“. მეორე მიზეზი კი პირველი მიზეზის ფაქტობრივად გაგრძელებაა, რომელიც მთავრობის მხრიდან გაზრდილ კაპიტალურ ხარჯებს გულისხმობს. 2021 წლის იანვარ-ივლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2,151 მლრდ ლარი შეადგინა. ეს დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ზრდის ხარჯებს, ეს ხარჯები კი ე.წ ეკონომიკის სტიმულირებისკენ მიდის. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება ისაა, რომ მთავრობა ამ პოლიტიკას ახალი ვალების აღების ხარჯზე აკეთებს, რომელიც ისევ მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს.

დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ ეკონომიკა მხოლოდ ერთეული ადამიანებისთვის „დუღს“, ხოლო ქვეყანაში მცხოვრები უმრავლესობა კვლავ სიღარიბეშია და მათ ჯიბეებს დუღილის არაფერი ეტყობათ. ოფიციალური სტატისტიკით ქვეყანაში 800 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ხოლო ყოველი მეექვსე ღატაკია, ყოველი მესამე ადამიანი კი თავს ღატაკად თვლის.

ნოდარ სირბილაძე