შვედეთი ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე გადასახადებს ზრდის

შვედეთის მთავრობა ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრ პერ ბოლუნდმა განაცხადა, რასაც SVT ავრცელებს.

„მე კარგად მესმის მათი, ვინც ფიქრობს, რომ ეს მეტად გაძვირებაა. თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ კლიმატზე ადამიანის საქმიანობის ზემოქმედება უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. თუ ამ ვითარებაში არაფერი გაკეთდება და მოპოვებითი საწვავის გამოყენებას გავაგრძელებთ, ეს მომავლისთვის მდგრად გადაწყვეტად ვერ ჩაითვლება,“ - აცხადებს ბოლუნდი.

ამავდროულად, მთავრობა ელექტრომობილების შეძენაზე პრემიებს გაზრდის. ახალი ბიუჯეტი ველოსიპედის გამოყენების სტიმულირებასაც შეიცავს. კომპანიებს, რომლებიც თავიანთ თანამშრომლებს ველოსიპედით უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათებს ჰპირდებიან.

გარდა ამისა, მთავრობა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში 1 მლრდ შვედური კრონის ინვესტიციას გეგმავს, რაც ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ