ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება - სად ვყიდით ალკოჰოლურ სასმელს

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:

  • პოლონეთი - 29% (3638057)
  • ჩინეთი - 9% (3373517)
  • ლატვია - 4% (1119219)
  • ლიეტუვა - 56% (675510)
  • აშშ - 26% (700696)
  • გერმანია - 23% (553852)
  • დიდი ბრიტანეთი - 73% (435 264)

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 132% (235888), შვედეთი - 65% (69280), ჩეხეთი - 646% (112236), საფრანგეთი - 31% (50416), ყაზახეთი - 37% (2552200), ისრაელი - 52% (304827), აზერბაიჯანი - 21% (158411), თურქეთი - 156% (77226), უკრაინა - 16% (7366327), რუსეთი - 17% (39474016), მონღოლეთი - 316% (306690), ბელარუსი - 13% (2062327) და ა.შ.

“ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.