„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის მოსავლის ჩაბარებას მოსახლეობა დღეიდან შეძლებს"

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის მოსავლის ჩაბარებას მოსახლეობა დღეიდან შეძლებს. გუბერნატორი დღეს სეტყვის შედეგად დაზარალებულებს შეხვდა და ვითარებას გაეცნო.

მჭედლიძის განცხადებით, 10 სექტემბრიდან საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება იწყება, თუმცა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, ხოვლელი ფერმერები სეტყვისგან დაზიანებული ვაშლის ჩაბარებას დღეიდან, 8 სექტემბრიდან შეძლებენ. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, პარალელურად, სპეციალური კომისია ზარალს შესწავლაზე უკვე მუშაობს.

,,კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ დააზიანა რამდენიმე ჰა. ვაშლის ბაღი, ასევე ყურძნის ვენახები, ხეივნები, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაშლის ჩაბარება გადამამუშავებელ საწარმოებში. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება დაგეგმილი იყო 10 სექტემბრიდან, თუმცა, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამის სამსახურებთან და საწარმოებთან შეთანხმებით, თარიღი გადმოვწიეთ და დღეს, 12 საათიდან, მოსახლეობა უკვე შეძლებს ვაშლის ჩაბარებას. ასევე, მთავრობა მაქსიმალურად დაუდგება გვერდში მცირემიწიან ფერმერებს, ზარალის დამთვლელი კომისიის მიერ მოხდება ზარალის აღწერა, თუ რა ზიანი მიადგათ მათ და შემდგომში, მთავრობასთან ერთად ვიმსჯელებთ, რა ფორმით და რა სახის დახმარების გაწევას შევძლებთ“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.