საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის მე-2 კვარტალში 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მე-2 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 31.5 მლნ აშშ დოლარით (13.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ჩეხეთი - 30.8 მლნ აშშ დოლარით (13.2 პროცენტი).

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 82 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 65.2 მლნ აშშ დოლარით (27.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 46.5 მლნ აშშ დოლარით (19.9 პროცენტი).

თაია არდოტელი