ამერიკელი ბინის მოიჯარეების 48%-ს არ სჯერა, რომ ოდესმე ბინას შეიძენენ

Lending Tree-ის ახალი კვლევის თანახმად, ამერიკელი ბინის დამქირავებლების 48% შიშობს, რომ თავის ცხოვრებაში ბინას ვერ შეიძენს. გამოკითხვის შედეგებს CNBC ავრცელებს.

ეს პრობლემა ყველაზე მეტად ე.წ. X-თაობის, ანუ 41-დან 55 წლამდე და მილენიალი ანუ 25-დან 40 წლამდე ასაკის დამქირავებლებს შორის დგას. X-თაობის დამქირავებელთა 55% და მილენიალების 52% საკუთარი საცხოვრებლის შეძენის პერსპექტივით შეშფოთებულია.

„თავისი კარიერის შუაგზაზე მყოფი ადამიანები, რომელთა შორის ძირითადად X-თაობის წარმომადგენელები არიან და რომლებიც შემოსავლის გამომუშავების პიკზე არიან, ამბობენ, რომ თუკი ამ ეტპზე სახლი არ უყიდიათ, ეს ალბათ, არც მომავალში მოხდება,“ - აცხადებს Lending Tree-ის უფროსი ეკონომიკური ანალიტიკოსი, ჯეიკობ ჩენელი. მისი თქმით, ეს შემაშფოთებელია, რადგან საცხოვრებლის ფლობა საშუალო დონის ოჯახისთვის ქონების დიდი წყაროა.

Pew Research Center-ის მონაცემებით, საცხოვრებელი ადგილის კაპიტალზე, როგორც ქონების წყაროზე, აშშ-ს საშუალო ფენა უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე მდიდარი ოჯახები, რომლებიც, თუნდაც აქციებისა და ობლიგაციების სახით, უფრო მეტ ფინანსურ აქტივებს ფლობენ.

ფედერალური სარეზევო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამერიკელები 34 ტრლნ დოლარის უძრავი ქონების აქტივებს ფლობდნენ, რაც მთლიანი საოჯახო აქტივების, დაახლოებით, 23%-ია. იმავე მონაცემებით, ოჯახების იპოთეკური ვალდებულებები მთლიანობაში 11 ტრლნ დოლარს შეადგენდა.

Lending Tree-ის ონლაინ გამოკითხვაში 2050 ამერიკელი დამქირავებელი მონაწილეობდა და ის 2-6 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. კომპანიას ასეთი გამოკითხვა წინა წლებში არ ჩაუტარებია, რამაც შარშანდელ და ადრინდელ პერიოდთან წლევანდელი მონაცემების შედარება შეუძლებელი გახადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ