თბილისში „აუთლეტ სოფლის“ მშენებლობა დაიწყო - „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თბილისის აუთლეთ სოფლის სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ“

თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი იმით, რომ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი - ამის შესახებ “აუთლეთ რესურს გრუპის” პარტნიორმა ბარბარა ჰორაცმა “აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„თქვენმა ქვეყანამ პირველსავე შეხვედრიდან შეგვაყვარა თავი არა მხოლოდ სამზარეულოთი და ღვინის ტრადიციებით, არამედ იმითაც, რომ ჩვენ აქ პირველივე დღეს დავინახეთ შესაშური მეწარმეობის სულისკვეთება და ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანის უზარმაზარი სურვილი. კიდევ ერთი ფაქტორი მდგომარეობდა ოპერატიულობაში. ჩვენ შრომის კულტურას ვნერგავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ აუთლეთ სოფელში,

მაგრამ აქ მიღწეული სისწრაფე მართლაც უნიკალურია. ჩემს მშობლიურ გერმანიაში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში იმავე სამუშაოს შესრულებას 10 ან მეტი წელიწადი დასჭირდებოდა, რადგან ეს მოითხოვს ძალიან რთული პროცედურების განხორციელებას: მაგალითად, ნებართვა, მოსახლეობის თანხმობა და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც აქამდე განხორციელდა, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის გათვალისწინებით. თქვენთან ამბობენ: „სტუმარი ღვთისაა“. ჩვენი მხრივ, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თბილისის აუთლეთ სოფლის სტუმრებმა თავი განსაკუთრებულად იგრძნონ”,-განაცხადა ბარბარა ჰორაცმა.