ევროკომისია პოლონეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროკომისია ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს, რომ ამ უკანასკნელმა პოლონეთს, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესოს.

„კომისია მოითხოვს, პოლონეთს ყოველდღიური ფინანსური სანქციები დაუწესდეს მანამ, სანამ ის სრულად არ გაატარებს სასამართლო რეფორმას, რომლის ვალდებულაც აქვს აღებული,“ - წერია ევროკავშირის აღმასრულებელი კოლეგიის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

სანქციების დაწესების მოთხოვნა, რეალურად, 2019 წლის 3 აპრილს სასამართლოს საკითხზე ევროკომისიასა და პოლონეთს შორის დაწყებული დავის გაგრძელებაა. ევროპული კომისია, რომელიც ევროკავშირის ძირითადი შეთანხმებებისა და დებულებების გარანტია, მიიჩნევს, რომ პოლონეთის საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ეს ცვლილებები მმართველი კონსერვატიული ხელისუფლების საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. მთავარი პრეტენზია დისციპლინარული პალატის შექმნასა და ფუნქციონირებას შეეხება, რომელიც, ბრიუსელის აზრით, პოლონელი მოსამართლეების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის და მათ პოლიტიკური გავლენებისგან დაცვის აუცილებელ გარანტიებს არ ანიჭებს.

14 და 15 ივლისს ევროკავშირის სასამართლომ ორი დადგენილება მიიღო, რომლებშიც პოლონეთის სასამართლო სისტემაში გასატარებელი დროებითი ზომები განსაზღვრა, რათა ის საერთოევროპულ სასამართლო სისტემასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

სანქციების მოთხოვნა პოლონეთის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რაც, ევროკომისიის აზრით, ლუქსემბრუგის სასამართლოს მიერ დადგენილ საჭირო ზომებს უგულვებელყოფს, კერძოდ, დისციპლინარული პალატა მუშაობას უცვლელად განაგრძობს. მართალია, პოლონეთმა პირობა დადო, რომ არსებული ფორმით პალატის ლიკვიდაციას წლის ბოლომდე განახორციელებს, მაგრამ სხვა დეტალები არ წარუდგენია.

კოკა კვირკველია