პროკურორის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მთავარი ბუღალტრის ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წელს ტელეკომპანიის შემოსავალი რადიკალურად იყო შემცირებული

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის მთავარი ბუღალტრის მიერ დღეს სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2015 წელს "რუსთავი 2"-ის შემოსავალი რადიკალურად, რამდენიმე მილიონით იყო შემცირებული, რა პერიოდიც გუბელაძის თქმითვე, ზუსტად ემთხვევა ქონების გაფლანგვას.

გუბელაძის განმარტებით, ბუღალტერმა ტელეკომპანიის შემოსავლების შესწავლის შემდეგ, შესაძლო დანაშაულის ნიშნები დაინახა, რის შესახებაც მან პროკურატურას აცნობა.

"ერთ-ერთი ეპიზოდი, რაშიც ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას აქვს ბრალი წარდგენილი, მდგომარეობს 2015 წელს "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდთან დაკავშირებით. კერძოდ, 2015 წელს, კახაბერ დამენიამ და ნიკა გვარამიამ განზრახ არ მოითხოვეს "ინტერმედია პლიუსისგან" "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლება. შესაბამისად, რამდენიმე მილიონი ლარი გაფლანგეს. სწორედ, აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხა "რუსთავი 2"-ის მთავარი ბუღალტერი, ეს ადამიანი იქ 2019 წლის ივლისში მივიდა და გენერალური დირექტორის მითითების შესაბამისად შეისწავლა "რუსთავი 2"-ის წინა წლების შემოსავლები, ხარჯები. აღნიშნულმა პირმა აღმოაჩინა, რომ 2015 წელს, სხვა წლებისგან განახვავებით, "რუსთავი 2"-ის შემოსავალი რადიკალურად, რამდენიმე მილიონით შემცირებული იყო და მან აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობა იმჟამინდელ გენერალურ დირექტორს და მის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.

როგორც მოგახსენეთ, ნიკა გვარამიას და კახაბერ დამენიას ვედავებით, რომ მათ გაფლანგეს "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონება. აღნიშნული მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ ნამდვილად, 2015 წელს "რუსთავი 2"-ის შემოსავალი რადიკალურად, რამდენიმე მილიონით იყო შემცირებული, ეს პერიოდი ზუსტად ემთხვევა გაფლანგული ქონების უფლებას. ამ მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ სწორედ, 2015 წელს არ მოითხოვეს ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ "რუსთავი2"-ისთვის მისაღები ქონება",- განაცხადა გუბელაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.