ნორვეგიამ არქტიკულ არქიპელაგზე ტურისტული ვიზიტები შეზღუდა

ნორვეგიამ არქტიკულ არქიპელაგ სვალბარდზე ვიზიტორებისთვის გარემოზე ზემოქმედების გამო შეზღუდვები დააწესა და საკრუიზო გემებს ვერტმფრენებითა და წყალქვეშა ნავებით არქიპელაგზე ტურისტული მომსახურება აუკრძალა. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

მთავრობის მითითების თანახმად, ყოველ საკრუიზო გემზე, რომელიც სვალბარდის დაცულ რაიონებში მიემგზავრება, მგზავრთა რაოდენობა 200 ადამიანამდე, გადმოსვლის ადგილებზე კი 42 ადამიანამდე იზღუდება. პოლარული, თეთრი დათვების სანახავად მინიმალურ მანძილად 500 მეტრი დაწესდა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში დრონების გამოყენება აიკრძალა.

1-ლი მარტიდან ზღვის ყინულზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა, თეთრი დათვებისა და სელაპების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აიკრძალა, ხოლო ფრინველთა კოლონიების მახლობლად გამრავლების პერიოდში დაბალი სიჩქარით მოძრაობა დაწესდა.

ნორვეგიამ, ასევე, კომპანია Scenic Group-ის კუთვნილი Scenic Eclipse-ის წყალქვეშა ნავის გაგზავნის თხოვნაც უარყო, რომელიც ტურისტებს ზღვის ველური ბუნების მონახულებისა და შესწავლის საშუალებას მისცემდა. უარის შემდეგ კომპანია ტურისტებს შპიცბერგენში 12-დღიან ტურს მომავალ წელს სთავაზობს, რისი ღრებულებაც Scenic Eclipse-ის ბორტზე ერთ ადამიანზე 13 304 ევროდან იწყება. წყალქვეშა ნავს 300 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა შეუძლია.

ნორვეგიის გარემოს დაცვის სააგენტო იუწყება, რომ სვალბარდზე, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის მდებარეობს, ტურისტული ვიზიტები 1996 წლის 29 600-კაციანი მაჩვენებლიდან 2019 წელს 124 000 ვიზიტორამდე გაიზარდა. კუნძულის მუდმივი მოსახლეობა, დაახლოებით, 2900 ადამიანს შეადგენს.

„კლიმატის სწრაფმა ცვლილებამ სვალბარდის ბუნება უფრო დაუცველი გახადა. იმავდროულად, როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ისე მის გარეთ ტურიზმი და ტრანსპორტის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან თავისი კვალი დაატყო სვალბარდის რამდენიმე ადგილს," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ