კრიპროვალუტის მწარმოებელი Bitfury „საქართველოს რკინიგზაზე“ 3-ჯერ მეტ დენს მოიხმარს - რა მოცულობის ელ.ენერგიას ხარჯავენ პირდაპირი მომხმარებლები

2021 წლის ივლისში საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის ხარჯი გაიზარდა.

თუ ივნისში პირდაპირმა მომხმარებლებმა 288.932 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია დახარჯეს, ივლისში ეს 341.659 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა. აღნიშნული ზრდა კი ძირითადად განპირობებულია იმ ცვლილებით, რომლის მიხედვით 1-ლი ივლისიდან პირდაპირ მომხმარებლად ითვლება ის, ვინც თვეში 400 ათას კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ესკოს სტატისტიკის მიხედვით კი მხოლოდ ერთ თვეში კრიპროვალუტის მწარმოებელმა კომპანიამ Bitfury „საქართველოს რკინიგზაზე“ 3-ჯერ მეტი დენი მოიხმარა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს სტატისტიკით, ივლისში "ბი ეფ დი სიმ" (Bitfury) დახარჯა 39.406 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, „საქართველოს რკინიგზამ“ კი 12.182 მლნ კვტ.სთ. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში პირდაპირი მომხმარებლების მიერ გახარჯული იქნა 1844.9 მლნ კვტ.სთ, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 22,1%-ია. ცნობისათვის, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მთლიანად 8317.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, პირდაპირ მომხმარებლებს შორის წელს ივლისში ჯამში 44 კომპანია მოხვდა, მათ შორის არიან - „ჯორჯიან მანგანეზი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, "რუსთავის ფოლადი", კრიპტოვალუტის მწარმოებლები - შპს „ბი ეფ დი სი“ და „დატა ჰაბი“, ასევე „ლილო მოლი“ და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელთაც 2021 წლის ივლისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია მოიხმარეს:

  • „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა" - 107.319 მლნ კვტ.სთ;
  • "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 39.406 მლნ კვტ.სთ;
  • "რუსთავის აზოტი" - 24.916 მლნ კვტ.სთ;
  • „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" -19.446 მლნ კვტ.სთ;
  • "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 16.522 მლნ კვტ.სთ;
  • "რუსთავის ფოლადი" - 13.239 მლნ კვტ.სთ
  • "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 12.403 მლნ კვტ.სთ;
  • „საქართველოს რკინიგზა“ - 12.182 მლნ კვტ.სთ;
  • "ჯეოსთილი" - 11.579 მლნ კვტ.სთ;
  • „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ - 10.718 მლნ კვტ.სთ;

ცნობისათვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით 2021 წლის 1-ლი ივლისიდან საბითუმო ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაცია ევალება იმ კომპანიებს, რომელთა საშუალო თვიური მოხმარება 400 ათას კვტ.საათს აღემატება. შესაბამისად, ეს კომპანიები ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან და ისინი დენს სადისტრიბუციო კომპანიებისგან არ ყიდულობენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პირდაპირ მომხმარებლად ის კომპანიები ითვლებოდნენ, რომლებიც თვეში 15 მლნ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავდნენ.