უკრაინის რადამ კრიპტოვალუტის ლეგალიზებისა და რეგულაციის კანონი ერთხმად დაამტკიცა

CNBC-ის ცნობით, უკრაინა მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც კრიპტოვალუტის ლეგალიზების კანონი მიიღო. უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღო კანონი, რომელიც კრიპტოვალუტას აკანონებს და არეგულირებს.

„კანონპროექტი 2020 წელს შეიმუშავეს და ახლა ის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მაგიდისკენ მიემართბა,“ - იუწყება CNBC.

აქამდე კრიპტოვალუტა უკრაინაში ე.წ. ნაცრისფერ სამართლებრივ ზონაში არსებობდა. მოსახლეობას ვირტუალური ვალუტის შეძენისა და გადაცვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ კრიპტოვალუტის კომპანიები და ბირჟები სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი დაკვირვების ობიექტები იყვნენ. Kyiv Post-ის თანახმად, ხელისუფლება მაშინვე „საბრძოლო პოზიციაზე“ დგებოდა, როცა საქმე ვირტუალურ ფულს ეხებოდა, რადგან მას თაღლითობად მიიჩნევდა. სამართალდამცავი ორგანოები კრიპტობიზნესის დარბევასა და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ძვირადღირებული აპარატურის კონფისკაციას ეწეოდნენ.

მაგალითად, აგვისტოში უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) დაბლოკა ქსელი, რომელსაც „კრიპტოვალუტის საიდუმლო ბირჟას“ უწოდებდნენ და დედაქალაქ კიევში მუშაობდა. SBU აცხადებდა, რომ ეს ბირჟა ფულის გათეთრებას უწყობდა ხელს და გარიგებების ანონიმურობას უზრუნველყოფდა.

ახალი კანონმდებლობა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის მფლობელების თაღლითობისგან დაცვას ითვალისწინებს. უმაღლესმა რადამ, პირველ რიგში, კრიპტოვალუტის სამყაროს ძირითადი ტერმინოლოგიის განსაზღვრა დაიწყო. პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში, ვირტუალური აქტივების, ციფრული საფულეებისა და პირადი გასაღებების პირობები უკვე უკრაინის კანონმდებლობით იქნება გამყარებული.

სალვადორისგან განსხვავებით, სადაც ბიტკოინი უკვე გადახდის ოფიციალური საშუალებაა, უკრაინის კრიპტოკანონი ბიტკოინს გადახდის ფუნქციას არ ანიჭებს და ეროვნულ ვალუტა გრივნასთან თანაბარ დონეზე არ აყენებს.

„თუმცა კენჭისყრა რადაში ყოფილი ბირთვული „დერჟავის“ ბიტკოინზე გადასვლისკენ სწრაფვაა,“ - იუწყება CNBC. მას Kyiv Post-ის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, 2022 წლისთვის ქვეყანა ბიზნესისა და ინვესტორებისთვის კრიპტოვალუტის ბაზრის გახსნას გეგმავს. მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკები თავის კრედიტს კრიპტოვალუტაში სილიკონის ველის ინვესტორებისთვის და ვენჩურული კაპიტალის ფონდებისთვის არეკლამებენ.

გასულ თვეს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტი ზელენსკი „ვირტუალური აქტივების ინოვაციური ლეგალური ბაზრის,“ როგორც ინვესტიციების გაყიდვის საშუალების განვითარებაზე საუბრობდა. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი აცხადებს, რომ ქვეყანა თავის საგადასახადო ბაზრის მოდერნიზაციას ეწევა, რომ ეროვნულმა ბანკმა ციფრული ვალუტის გამოშვება შეძლოს.

„ბიტკოინის ეროვნულ კანონმდებლობაში შეტანით უკრაინა ქვეყნების გრძელ სიას შეუერთდა,“ - იუწყება CNBC და ასეთ ქვეყნებად სალვადორს, კუბას, აშშ-ს, გერმანიასა და პანამას ასახელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ