გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მხოლოდ 208 ადამიანი გაემგზავრა  - როდის დასაქმდებიან ქართველები საფრანგეთსა და ისრაელში

გერმანიაში, დღეის მდგომარეობით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოდ არცერთგან ჩვენი მოქალაქეები არ გამგზავრებულან. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.

,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და სულ დასაქმდა - 208 საქართველოს მოქალაქე“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაოებზე. შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ“ -ამბობენ სააგენტოში.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს - ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინმოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ „პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია“. თუმცა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა პროფესიებზეა საუბარი, სააგენტოში ვერ დააკონკრეტეს.

ამასთან, ,,ბიზნესპრესნიუსის" კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში, სააგენტოში ასე უპასუხეს: „კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ მოლაპარაკებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან (ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან) დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში.

თამარ მუკბანიანი