ჯანმო ბუსტერ-დოზით აცრაზე მორატორიუმს წლის ბოლომდე აგრძელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Covid-19-ის საწინააღმდეგო გამაძლიერებელ, ანუ ბუსტერ-დოზებზე მორატორიუმის ვადის გაგრძელებას, მინიმუმ, წლის ბოლომდე მოითხოვს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

მანამდე ჯანმო მსოფლიო ლიდერებს ბუსტერ-დოზით ვაქცინაციის გადადებას სექტემბრის ბოლომდე თხოვდა.

„მას შემდეგ გლობალურ სიტუაციაში ბევრი არაფერი შეცვლილა, ამიტომ დღეს მორატორიუმის გაგრძელებას წლის ბოლომდე ვითხოვ, რათა ყველა ქვეყანამ თავისი მოსახლეობის, სულ მცირე, 40%-ით აცრა შეძლოს,” - აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში, დაახლოებით, 5.5 მილიარდი ვაქცინის დოზა გაიხარჯა, მაგრამ ამის 80% მხოლოდ მაღალი ან საშუალოზე მეტი შემოსავლის ქვეყნებზე განაწილდა.

„მე არ გავჩუმდები, როდესაც კომპანიები და ქვეყნები, რომლებიც ვაქცინების გლობალურ მიწოდებას აკონტროლებენ, ფიქრობენ, რომ მსოფლიოს ღარიბი სახელმწიფოები მხოლოდ ნარჩენებით უნდა კმაყოფილდებოდნენ,“ - აცხადებს გებრეისუსი.

მისი თქმით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა 1 მილიარდზე მეტი დოზის შემოწირულობის პირობა დადეს, მაგრამ ამის მხოლოდ 15%-ზე ნაკლები გაკეთდა. ამასთან, არსებობს ვაქცინის მწარმოებლების პირობაც, რომ პრიორიტეტს COVAX-სა და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მიანიჭებენ.

გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ვაქცინების სამართლიანი გადანაწილება ვაქცინაციის დაწყებისთანავე უნდა მომხდარიყო და არა მას შემდეგ, რაც უმდიდრესი ქვეყნები აიცრებოდნენ.

„ჩვენ აღარ გვინდა დაპირებები, ჩვენ მხოლოდ ვაქცინები გვინდა! ვირუსის წინააღმდეგ უკვე გვაქვს ინსტრუმენტები და ვიცით, რაც უნდა გაკეთდეს, ამიტომ ახლა ჭეშმარიტი ლიდერობის დროა და არა ცარიელი დაპირებების,“ - აცხადებს ტედროს გებრეისუსი წამყვანი ქვეყნების გასაგონად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ