Le Figaro - საფრანგეთში მუშა-ხელის დეფიციტია, რაც ეკონომიკის აღდგენას ხელს უშლის

მთელ რიგ სექტორებში მუშა-ხელის ნაკლებობა საფრანგეთის ეკონომიკის აღდგენის გეგმებს ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

გაზეთის ინფორმაციით, ამ დროისთვის საფრანგეთის ეკონომიკის წელიწადნახევრიანი კრიზისის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, მთელ რიგ სექტორებში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. თუმცა შეიმჩნევა მუშა-ხელის უკმარისობა და გამოცხადებული ვაკანსიები შეუვსებელი რჩება. აღნიშნული კი საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაზე და ემუქრება მშპ-ს კლებით - წერს გამოცემა.

მუშა-ხელის მოძიების სირთულეებზე განცხადებები ფრანგი მაღალჩინოსნების მხრიდანაც გაკეთდა, მათი შეფასებით, ეს პრობლემა არის ძირითადი საფრთხე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

Le Figaro-ს მონაცემებით, იმ ფონზე, როცა საფრანგეთში 6 მილიონი უმუშევარია, შეუვსებელი რჩება 1 მილიონი ვაკანსია. კვლევის თანახმად, საწარმოების 71% აცხადებს, რომ მათ მინიმუმ 1 ვაკანტური ადგილი მაინც აქვთ. ამასთან, მათგან 53% თვლის, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა მუშა-ხელის მოძიება. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ ქვეყანაში მკაფიოდ შეიმჩნევა მაღალკვალიფიციური სპეცილისტების დეფიციტი.

Le Figaro-ს ცნობით, პრობლემა მეტად ჩანს მომსახურების სფეროში. იქ სპეციალისტების მომზადების ტემპები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა სახლის მოვლის, ავადმყოფებისა და შშმ პირების მოვლის მიმართულებით.

კოკა კვირკველია