ნიუ-იორკში 2035 წლისთვის გასაყიდი ახალი ავტომობილების 100% ელექტრომობილი იქნება

ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მიზნად ისახავს, 2035 წლისთვის ყველა ახალი ავტომობილი და მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვის მოდელს წარმოადგენდეს. ამით ნიუ-იორკი ბენზინზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ლიკვიდაციის მცდელობაში კალიფორნიის შტატს შეუერთდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კანონი ადგენს რეგულაციებს, რომლებიც ნულოვანი გამონაბოლქვის მანქანების რაოდენობის გაზრდას ემსახურება. ნიუ- იორკის მიზანია, „2035 წლისთვის შტატში გასაყიდი მსუბუქი ავტომანქანების, 2045 წლისთვის კი საშუალო და მძიმე სატვირთოების 100% ნულოვანი გამონაბოლქვის იყოს.“

„აშშ-ს მთავრობა ცდილობს, ხელი შეუწყოს ელექტრომობილების გაყიდვებს, რათა მოპოვებითი საწვავის მოხმარება შეამციროს და გლობალური მიზნის მიღწევას, ანუ ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შენელებას ხელი შეუწყოს,“ - წერს Reuters.

აგვისტოში პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა, სითბური გაზების გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, 2030 წელს ყველა ახალი, გასაყიდი ავტომობილის ნახევარი ელექტრომობილი უნდა იყოს. ამ საერთო მიზანს აშშ-ს უმსხვილესი ავტომწარმოებლებიც უჭერენ მხარს. თუმცა ბაიდენმა, კონგრესში დემოკრატების ზეწოლის მიუხედავად, არაერთხელ თქვა უარი 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ყველა ახალი ავტომობილის გაყიდვების გაუქმებაზე.

გასულ წელს კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ბენზინზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვებზე აკრძალვის დაწესებას 2035 წლიდან ითვალისწინებს. აპრილში ნიუ იორკმა, კალიფორნიამ და სხვა10-მა შტატმა ბაიდენს სთხოვა, დაეწესებინა სტანდარტები გარანტიისთვის, რომ 2035 წელს ყველა მსუბუქი მანქანა და დაბალტონიანი სატვირთო ნულოვანი გამონაბოლქვით იქნებოდა.

ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, კლიმატის დაცვისთვის კონკრეტული შედეგის დასადებად აუცილებელია, რომ 2030 წელს 2 000 000 ავტომობილიდან 400 000 ელექტრომობილი იყოს. იმავე 2030 წლისთვის მეგაპოლისში 10 000 დასამუხტი პუნქტი დამონტაჟდება.

ნიუ იორკის შტატში დაწესდება რეგულაციები, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა საშუალო და დიდი სატვირთო მანქანის 2025 წლის გასაყიდი მოდელი ნულოვანი გამონაბოლქვით იყოს და მათი პროცენტული რაოდენობა გაიზარდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ