„ნამახვანის“ ხელშეკრულების შესწავლისა და იურიდიული დასკვნის მომზადებისთვის კომპანია CMS შეირჩა

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივ ანალიზს საერთაშორისო იურიდიული კომპანია - CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP (შემდეგში - „CMS“) ასრულებს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად, კომპანია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითაა წარმოდგენილი, რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც.

„ამ ეტაპზე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს კომპანიის CMS -ს ლონდონის ოფისის გუნდი ასრულებს, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ.

„CMS“ ლიდერი საერთაშორისო იურიდიული კომპანიაა, რომლის ფილიალები განთავსებულია მსოფლიო მასშტაბით - 40-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიას ჰყავს 1100 პარტნიორი და 5000-მდე იურისტი; ხოლო, კონკრეტულად ენერგეტიკული მიმართულებით, იგი აერთიანებს 400-ზე მეტ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტს. ამასთან, CMS დასახელებულია როგორც საუკეთესო კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „Projects & Energy” მიმართულებით. კომპანია 30 წელზე მეტია კონსულტაციას უწევს როგორც ბიზნესის, ისე, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჩართულია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. იგი 2021 წელს დასახელებული იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წლის ფირმად (CEE Law Firm of the Year).

ამასთან, CMS გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მათი გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით. კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში (აზერბაიჯანი, რუსეთი).“- ნათქვამია ინფორმაციაში.

იუსტიციის სამინისტრომ „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვა 27 მაისს გამოაცხადა.

„ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტის სახელმწიფოებრივი და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე „ნამახვანის“ პროექტის სხვადასხვა ასპექტის შესწავლასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად განისაზღვრა, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის განხორციელება მითითებული ხელშეკრულების პირობების შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო შეთავაზების პირობების (Terms of Reference) შესაბამისად, ენერგეტიკის სფეროში გამოცდილ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს (ინტერესთა გამოხატვა, ფასთა გამოკითხვა), დაინტერესების შემთხვეევაში მოეწოდათ წარმოედგინათ წინადადებები.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე საერთაშორისო იურიდიულმა კომპანიებმა სრულად დააკმაყოფილეს შეთავაზების პირობების შესაბამისად წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. არჩევანი CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP - საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მიერ დასახელებული მნიშვნელოვნად განსხვავებული ფასის (დაბალი) შესაბამისად გაკეთდა“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.