ისლანდიაში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა გაიხსნა

ისლანდიაში დედამიწის ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამომტუმბავი უდიდესი ქარხანა, Orca გაიხსნა. რომელსაც თავისი მასშტაბით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

ქარხანა შვეიცარულმა კომპანია Climeworks AG-მა და ისლანდიურმა Carbfix-მა ააშენეს. შვეიცარელები ნახშირორჟანგის უშუალოდ ჰაერიდან ამოტუმბვის სპეციალისტები არიან, ხოლო ისლანდიური Carbfix ნახშირბადის შემნახველი კომპანიაა.

ახალ ქარხანას შეუძლია, ატმოსფეროდან ყოველწლიურად 4 000 ტონა CO2 ამოიღოს, რაც წელიწადში, დაახლოებით, 790 მანქანის ექვივალენტია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს CO2-ის გლობალურმა გამონაბოლქვმა 31.5 მილიარდი ტონა შეადგინა. ნახშირორჟანგის უშუალოდ ატმოსფეროდან ამოტუმბვა ერთ-ერთი იშვიათი ტექნოლოგიაა, რაც, მეცნიერების აზრით, გლობალური დათბობის შესაჩერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Orca-ს ქარხანა რვა დიდი კონტეინერისგან შედგება, რომლებიც გარეგნულად სახომალდო გადაზიდვის ინდუსტრიაში გამოყენებული კონტეინერების მსგავსია. მათში დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფილტრები და ვენტილატორები, რითიც ნახშირორჟანგს ამოტუმბავენ. შემდეგ იზოლირებულ ნახშირბადს წყალთან ურევენ და მიწის სიღრმეში ათავსებენ, სადაც ის ნელ-ნელა ქანად გადაიქცევა. ორივე ტექნოლოგია განახლებადი ენერგიით მუშაობს, რასაც ახლომდებარე გეოთერმული ელექტროსადგურიდან იღებენ.

ამჟამად მსოფლიოში ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის პირდაპირი შეგროვების 15 ქარხანა მუშაობს, რომლებიც წელიწადში 9000 ტონაზე მეტ CO2-ს ამოტუმბავენ.

კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ევროპაში ისტორიულად ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ