ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის ფრენის სიმაღლიდან სანახავი რეკლამები გამოფინეს

მოდის ბრენდმა, Bottega Veneta-მ ლოს-ანჯელესში ახალი კოლექციის რეკლამა საჰაერო მგზავრებისთვის განათავსა, რისი ნახვაც მხოლოდ ფრენის სიმაღლიდან არის შესაძლებელი.

ლოს-ანჯელესში დასაფრენი თვითმფრინავების მგზავრები აეროპორტის სახურავზე მოდის ბრენდის უზარმაზარ რეკლამას შენიშნავენ. ღამის საათებში Wardrobe 02-ის კოლექციის რეკლამა ნეონის შუქით არის განათებული.

წლის დასაწყისში Bottega Veneta-მ სოციალური ქსელით პოპულარიზაციაზე უარი თქვა და Instagram-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე ანგარიშები წაშალა. Bottega Veneta-ს კრეატიული დირექტორი, დენიელ ლი კონკურენტების ციფრულ საქმიანობას გმობდა.

თუმცა აპრილში ბრენდმა საკუთარი ონლაინ ჟურნალი, Issued by Bottega გამოუშვა, რომელიც კვარტალურად გამოდის, ხოლო Instagram-ზე მხოლოდ დამოუკიდებელი პროექტი, New Bottega დარჩა, რომლის შემქმნელებიც ბრენდის სიახლეებზე დირექტორისგან დამოუკიდებლად, ნებაყოფლობით მუშაობენ.