ამერიკულმა კომპანიამ Facebook-მა წარმოადგინა ჭკვიანი სათვალეების ახალი ხაზი, რომელიც შემუშავებულია EssilorLuxottica-სა და Ray-Ban-თან ერთად. ამის შესახებ საუბარია კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.
"მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ Ray-Ban Stories - ჭკვიანი სათვალეები, რომლებიც საშუალებას მოგცემენ ახლებურად გადაიღოთ ფოტო და ვიდეო, გაუზიაროთ შთაბეჭდილებები, მოუსმინოთ მუსიკას და განახორციელოთ ზარები,“ - ნათქვამია განცხადებაში.
სათვალეების საწყისი ფასი 299 დოლარია. ის 20 სხვადასხვა დიზაინით იქნება ხელმისაწვდომი. მისი შეძენა როგორც ონლაინ, ასევე ამერიკის, ავსტრალიის, კანადის, ირლანდიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
სათვალეებში ინტეგრირებულია 5 მეგაპიქსელიანი 2 კამერა, რომლებიც საშუალებას იძლევა გადაიღო ფოტოები და 30 წამიანი ვიდეოც კი, ღილაკის დაჭერით ან Facebook Assistant-ს ხმოვანი ასისტენტით. მას ასევე აქვს მიკროფონი და დინამიკები, შუქის ინდიკატორი და გარშემომყოფებს გადაღების მიმდინარეობას აუწყებს.
ის სინქრონიზირებულია აპლიკაციასთან Facebook View app, რომელიც საშუალებას იძლევა გადაღებული მასალა პირდაპირ გადაიგზავნოს სიციალურ ქსელში ან მესენჯერში, ასევე შეიძლება მათი ტელეფონში შენახვა სამომავლოდ რედაქტირებისთვის.