რა პოზიციაზე დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად

გერმანიის და ისრაელის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების უფლება საფრანგეთშიც ექნებათ. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საზოგადოებას დამატებით დეტალებს მოგვიანებით მიაწვდიან, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

,,ამჟამად შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული და ძალაში შესული არის 3 პარტნიორ ქვეყანასთან, საფრანგეთთან პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია, მათ შორის: მშენებლობის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის; ელექტრო მრეწველობის; ტრანსპორტის ლოჯისტიკის და სხვა სფეროებში.

თუმცა, კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთა შორისი შეთანხმებების ფარგლებში ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები"- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს" უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ლეგალურად დასაქმების პროგრამა უკვე ამოქმედებულია გერმანიასთან, სადაც პროგრამის ფარგლებში ჯერჯერობით სულ 208 ადამიანი გაემგზავრა.

თამარ მუკბანიანი