მთავრობა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალ კანონზე მუშაობს

მთავრობა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალ კანონზე მუშაობს.

ამის შესახებ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, კანონპროექტის მიზანია, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, წყლის რესურსების მართვის ახალი საკანონდებლო ბაზის შექმნა.

„დღეისათვის ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის მარეგულირებელ ძირითად აქტს წარმოდგენს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წლის 16 ოქტომბერს, ემყარება წყლის რესურსების მართვის ძველ სისტემას და არ შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ მიდგომებს და სტანდარტებს. დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხდება ცენტრალიზებულად და არა ამა თუ იმ წყლის ობიექტის გეოგრაფიულ საზღვრებში - მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე, რაც შეუძლებელს ხდის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას. ალტერნატივას წარმოადგენს სააუზო მართვის მოდელი, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ მიდგომას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას.

აგრეთვე, სამართლებრივი რეგულირების მიღმა არის დარჩენილი წყლის რესურსების დაცვისა და წყლით რაციონალური სარგებლობის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის წყალსარგებლობის მთელი რიგი ფორმები (მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება), ჩამდინარე წყლებით წყლის ობიექტების დაბინძურება (წყალჩაშვება) და სხვ. კანონპროექტის მიზანია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება, წყლის რესურსების სფეროში შესაბამისი ევროდირექტიევის პრინციპების და მოთხოვნების შესაბამისად,“-ნათქვამია მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაში.

თაია არდოტელი