Nestle მომავალ წელს ინფლაციის უფრო მაღალ დონეს ელოდება

მსოფლიოში საკვები პროდუქტების უმსხვილესი ჯგუფი, Nestle მომავალი წლისთვის, მიმდინარე წელთან შედარებით, სამეწარმეო ხარჯების კიდევ უფრო მეტ ინფლაციას ელოდება. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ფრანსუა ქსავიე როჟემ განუცხადა.

„სავსებით შესაძლებელია, რომ 2022 წელს სამეწარმეო ხარჯების ინფლაცია წლევანდელზე უფრო მაღალი იყოს. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მოვახდინოთ ფასების ცვლილებით გამოწვეული შედეგების კომპენსირება“, - აცხადებს როჟე.

მისი თქმით, კომპანია ბევრ კატეგორიასა და რეგიონში ბაზრის წილს ზრდის, თუმცა ეს არ შეეხება ჩინეთში ბავშვთა კვების პროდუქტების ხაზს და ასევე, გაყინული პიცის კატეგორიას, რომელსაც მომარაგების დეფიციტი უშლის ხელს. კომპანია პორტფელის მენეჯმენტში აქტიური იქნება, მაგრამ დარჩება დისციპლინირებული და აქცენტს სტარტაპების ნაცვლად, მოწიფულ ბიზნესზე გააკეთებს.

ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიის მარჟის ზრდა მდგრადობაში ინვესტიციისა და ძირითადი ხაზის განვითარების გამო შენელდება და ზომიერი იქნება. Nestle, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში აქციათა გამოსყიდვის პოლიტიკას გააგრძელებს.

ფრანგულ კოსმეტიკურ ჯგუფ L'Oreal-ში Nestle-ს წილთან დაკავშირებით, ფრანსუა ქსავიე როჟე აცხადებს, რომ კომპანიის ყველანაირი ინვესტიცია ღია იქნება.

„ბევრი არაფერია დასამატებელი. L'Oreal-ში ინვესტიციის კონკრეტულ ვარიანტზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამასაც და ინვესტიციის სხვა ვარიანტებსაც გამგეობამ უნდა გადახედოს. ჩვენ გვსურს, რომ ყველა ინვესტიცია ღია და გამჭვირვალე იყოს“, - აცხადებს როჟე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ