Google-ს ანომალური გვალვების გამო მეგაკომპიუტერების გასაგრილებლად წყალი აღარ ჰყოფნის

ტექნოლოგიური გიგანტი Alphabe Google 2030 წლისთვის 20%-ით მეტ წყალს გამოიყენებს, ვიდრე მისი ოფისები და მონაცემთა დამუშავების ცენტრები დღეს იყენებენ. Reuters-ის ცნობით, კომპანია, რეკორდული გვალვების შედეგად, ტექნოლოგიურ ობიექტებზე დიდი რაოდენობით წყლის ხარჯვის გამო შეშფოთებულია და ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე, ამასთან, 2030 წლისთვის შევავსოთ იმაზე მეტი წყალი, ვიდრე ვიყენებთ და უზრუნველვყოთ წყლის უსაფრთხოება იმ საზოგადოებაში, სადაც მუშაობა გვიწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ Google თავის ოფისებსა და მონაცემთა ცენტრებში მოხმარებულ წყალს 120%-ით შეავსებს“, - აცხადებს Google-ის მდგრადი განვითარების განყოფილების მთავარი ოფიცერი ქეით ბრანდტი.

2019 წელს Google-მა 3,4 მილიარდი გალონი წყალი მოიხმარა. კომპანიას შევსების დონეებზე დაკვირვება ჯერ არ დაუწყია, მაგრამ მიაჩნია, რომ წყლის მაღალი და უკიდურესად მაღალი დეფიციტის რეგიონებში ნორმალურ დონეს დამატებით 20%-იანი შევსებით მიაღწევს. კომპანია წყალს მონაცემთა ცენტრების კომპიუტერების გასაგრილებლად იყენებს, რომლებიც ინახავენ და ამუშავებენ Google search-ის ბრძანებებს, YouTube-ის ვიდეოებსა და სხვა მონაცემებს. მკვლევარების განცხადებით, შევსება აუცილებელია, რადგან კლიმატის ცვლილება გვალვებს მთელ მსოფლიოში აძლიერებს, Mountain View-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრები კი მთელ მსოფლიოშია გაბნეული.

Google-ს დასახული აქვს ახალი მიზანი და ცდილობს, თავის შენობებში ნაკლები წყალი მოიხმაროს, ასევე, უზრუნველყოს წყლის კონსერვაცია თავისი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც განსაკუთრებით დეფიციტური რაიონებიდან დაიწყებს. მაგალითად, Google-ის ახალი ზომები მოიცავს ტუალეტების ჩასარეცხად წვიმის წყლის გამოყენებასა და წყლისშემწოვი ინვაზიური მცენარეების ამოღების დაფინანსებას. ამასთან, სამხრეთ კალიფორნიაში Google დაბალშემოსავლიანი საცხოვრებლების სველ წერტილებზე წყლის გამავლობის ტექნოლოგიასაც ამონტაჟებს და სისტემაში მის ცირკულაციას უზრუნველყოფს, რათა წყლის დანახარჯი შემცირდეს.

აღსანიშნავია, რომ 2030 წლისთვის წყლის მარაგის შევსების გეგმაზე​ Microsoft-მა ერთი წლის წინ, ხოლო Facebook-მა გასულ თვეს განაცხადეს, თუმცა სამიზნეები არ დაუკონკრეტებიათ.

2020 წლის სექტემბერში Google-მა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის თავის ოფისებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებს 24-საათის განმავლობაში ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიით აამუშავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ