საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გაგრძელებას ელოდება

2015 წელს საქართველო ვიზის ლიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის გაგრძელებას ელოდება.

კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების, ისე საქართველოს ხელისუფლების მოლოდინია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს გაიმართება, საქართველო დაასრულებს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზას და ევროკომისიის მხრიდან დადებით შეფასებას მიიღებს. ასევე, 2015 წელს გაგრძელდება ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნულ პარლამენტებში. დღეისთვის დოკუმენტი რატიფიცირებული აქვს ევროკავშირის 11 ქვეყანას - ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და დანია. დოკუმენტის რატიფიკაცია უკვე განახორციელეს საქართველომ და ევროპარლამენტმა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წლის ივლისში დაიწყო, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტზე - 2011 წლის დეკემბერში. შეთანხმებას მიმდინარე წლის 27 ივნისს, ბრიუსელში მოეწერა ხელი. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტის მიერ, მანამდე კი შეთანხმების უდიდესი ნაწილი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. კერძოდ, ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი.

DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, 28 დასახელების პროდუქტი ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ღირებულებასთან შესაბამისობა, გამოცხადებული ფასი) კომპონენტის გარეშე. ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული. ასევე, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, იგი საქართველოს 2013 წლის თებერვალში გადმოეცა. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იქნება შემოღებული.