საქართველოში ინტერნეტით შინამეურნეობების 86.1 პროცენტია უზრუნველყოფილი - „საქსტატი“

შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 91.4 და 78.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, რეგიონების მიხედვით, აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7.2 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.1 პროცენტი კი - უფრო იშვიათად.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (36.4%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (17.0%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.