ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჟურნალში „დეკანტერი“ ქართული ღვინის სარეკლამო სტატია დაიბეჭდა

მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ჟურნალ „დეკანტერის“ ოქტომბრის ნომერში, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „თიბისი“ ბანკის ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების შესახებ სტატია დაიბეჭდა, სათაურით: „ტრადიცია ხვდება ინოვაციას. ქართული ღვინის აღმოჩენა“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტატიაში საუბარია ქართული ღვინის კულტურის 8 000- წლიან ისტორიაზე, საქართველოს ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, „იუნესკოს“ მიერ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის აღიარებასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტებზე.

სტატიაში წარმოდგენილია ქართული ღვინოები: „ასკანელი ძმების“ მუზა, „თბილღვინოს“ ქვევრის რქაწითელი, „ბადაგონის“ ალავერდის ტრადიციები, „ქართველის“ საფერავი ქვევრი, „შატო მუხრანის“ ქვევრის საფერავი 2017, „მარნისკარის“ შატო ნეკრესი- სანავარდო და „კორპორაცია ქართული ღვინოს“ აკიდო - წინანდალი. ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, "დეკანტერი" არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ჟურნალი, რომელიც 100-მდე ქვეყანაში იყიდება.

„დეკანტერის“ ექსპერტები ყოველწლიურად რეკომენდაციას უწევენ ათასობით ღვინოს, მას კითხულობენ ღვინის პროფესიონალები, მოყვარულები, კოლექციონერები და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები.