„პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა მივიღეთ, რაც ქართველ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით ჩასვლის და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას მისცემს"

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სახელმწიფო მდივანს რიტა მარკესს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს ლუიშ არაუჟუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმში პროფესიულ განათლების სფეროში.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, ამავე უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე მარიამ ყორიაული, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და დესპანი ცოტნე ზურაბიანი.