აშშ-ის ავიაცია 2050 წლისთვის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა საწვავს გამოიყენებს

Reuters-ი თეთრი სახლის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აშშ-ს ადმინისტრაცია მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის საავიაციო გამონაბოლქვი 20%-ით შეამციროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოსდაცვითი ჯგუფები ავიაკომპანიებისგან ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებასა და მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებას სულ უფრო მეტად მოითხოვენ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმით, შეერთებული შტატები ნახშირბადნეიტრალური ქვეყანა 2050 წლისთვის უნდა გახდეს. აშშ და ევროპა SAF-ის წარმოების გაზრდას ცდილობს, რომელიც ამჟამად მცირე რაოდენობით იწარმოება ისეთი ნედლეულისგან, როგორიცაა ქონი და გამოყენებული მცენარეული ზეთი და რაც ორჯერ-ხუთჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული საავიაციო საწვავი.

ბაიდენი აცხადებს, რომ SAF-ისთვის, დემოკრატების მიერ კონგრესში ინიცირებული 3.5 ტრილიონი დოლარის კანონპროექტის ფარგლებში, კრედიტს მოიძიებს.

თეთრი სახლის ოფიციალური პირები 2050 წელს იმ მიზნობრივ თარიღად ასახელებენ, როცა თვითმფრინავებში მოპოვებით საწვავს აღარ გამოიყენებენ. ამასთან, ავიაკომპანიებს 2030 წლიდან 3 მილიარდი გალონ SAF-ის მიწოდებით ყოველწლიურად დაეხმარებიან.

სამი ფედერალური დეპარტამენტი მთავრობის წინაშე აყენებს ამოცანას, რომ ავიაკომპანიები 2030 წლიდან ყოველწლიურად, მინიმუმ, 3 მილიარდი გალონით, 2050 წლისთვის კი საკმარისი რაოდენობის SAF-ით მომარაგდნენ.

„დღევანდელი პროგნოზით, სტანდარტული საავიაციო საწვავის ეკოლოგიურით 100%-იან ჩანაცვლებას ყოველწლიურად 35 მილიარდი გალონი SAF სჭირდება“, - ნათქვამია თეთრი სახლის დოკუმენტში.

ბაიდენის ადმინისტრაციის ასეთი მიდგომისგან ევროპის პოზიცია განსხვავდება, სადაც მარეგულირებელი ორგანოები ცდილობენ, აიძულონ მიმწოდებლები, რომ ნავთობში SAF დიდი რაოდენობით შეურიონ.

United Airlines-მა რეკორდული შესყიდვის ხელშეკრულებაზე განცხადება გაავრცელა, რომ 2025 წლიდან, 20 წლის განმავლობაში, გარკვეული პირობებით 1.5 მილიარდ გალონ SAF-ს კომპანია Alder Fuels-ისგან შეიძენს. Alder Fuels-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან შერბაკოვმა განაცხადა, რომ United Airlines-ის მდგრადი საავიაციო საწვავით მომარაგებას შეძლებენ, რადგან ეკოლოგიურ საწვავს სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლისა და ხე-ტყის ნარჩენებისგან აწარმოებენ, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე ქონი და გამოყენებული მცენარეული ზეთი, რომლის დეფიციტია.

„ცხიმისა და ზეთის გარეშე მიწოდების გაფართოება მეტად მნიშვნელოვანია. მეტი მასშტაბურობა ფასებში მეტ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს“, - აცხადებს შერბაკოვი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ World Energy-ის მთავარი კომერციული დირექტორის თანამდებობა Alder Fuels-ის გასახსნელად დატოვა. მისი თქმით, Alder Fuels-ის სააქციო კაპიტალში ინვესტიციები United Airlines-მა და Honeywell-მა განახორციელეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ