იტალიის მთავრობა განათლების სფეროში კოვიდსაშვებს აწესებს

იტალიის მთავრობა განათლებისა და მოვლა-ზრუნვის სფეროში მოთხოვნებს ამკაცრებს და ვაქცინაციის დადასტურებას მოითხოვს. ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (DPA) ავრცელებს.

სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველას, მშობლებისა და არასასწავლო პერსონალის ჩათვლით, 10 ოქტომბრიდან „მწვანე საშვების" წარდგენა მოუწევს, რომელიც ვაქცინირების, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი ბარათია.

რეგულაცია, ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტებს შეეხება, თუმცა უფროსკლასელებსა და დაბალი კლასის მოსწავლეებზე არ გავრცელდება. გამონაკლისი იქნება მათთვისაც, ვისაც სამედიცინო მიზეზების გამო ვაქცინაცია არ შეუძლია.

„მწვანე საშვებს“ მოითხოვენ მოხუცთა სახლებშიც, სადაც ბარათის გარეშე შესვლა 1000 ევრომდე ჯარიმას გამოიწვევს.

წესები ძალაში დეკემბრის ბოლომდე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იქნება.

ამასთან, იტალიის სამედიცინო მარეგულირებელმა სამსახურმა (Aifa) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა იმ ადამიანებისთვის დაამტკიცა, რომლებიც ამ დაავადების მიმართ უფრო დაუცველი არიან. ბუსტერ-ვაქცინის უფლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებსაც აქვთ. მესამე დოზა, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვინც, მინიმუმ, ექვსი თვის წინ აიცრა.

გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ