ავსტრიაში ელექტრო და ჰიბრიდულმა ავტომობილებმა საწვავზე მომუშავე მანქანების რაოდენობას გადააჭარბა

2021 წლის აგვისტოში ავსტრიაში ახლადრეგისტრირებული ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობამ ბენზინისა და დიზელის მანქანების წილს გადააჭარბა. ამის შესახებ ავსტრიის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებშია ნათქვამი.

რეგისტრირებულ მანქანებს შორის, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების საერთო რაოდენობამ 42.2% შეადგინა. ავტომობილები, რომლებიც საწვავად ბენზინს იყენებენ, 35,1%-ია, ხოლო დიზელის მანქანების წილი - 22.7%. ქვეყანაში ალტერნატიული ენერგოწყაროს ავტომობილების წილი გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა.

თუმცა, ახალი ავტომობილების მფლობელთა რიცხვმა იკლო. მიმდინარე წლის აგვისტოში რეგისტრირებული ახალი მანქანების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

ივლისში პოლონეთის მთავრობამ ელექტრომობილის შემძენი პირებისთვის სუბსიდირების პროგრამა დაიწყო, ხოლო ესპანეთში ელექტრომანქანების ინდუსტრიის განვითარებისთვის ევროკავშირმა, სესხის სახით, 4.3 მლრდ ევრო გამოყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ