,,წარმოების დიდი ნაწილი ისევ ექსპორტზე გავა“ - როგორ ემზადება "რთველი 2021"-სთვის ,,შუხმან ვაინ ჯორჯია"

რთველი 2021-ს დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. კომპანია ,,შუხმან ვაინ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ნუცა აბრამიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ კომპანია წლევანდელი მოსავლის უდიდეს ნაწილსაც ექსპორტზე გაიტანს.

მისივე თქმით, მათ კიდევ ერთ მიმართულებას, სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, წელს ძირითადად ქართველო დამსვენებლები სტუმრობდნენ.

,,სასტუმროს ნაწილში, წელს ცალსახად ადგილობრივი ტურიზმი იყო დომინანტი. გარდა იმისა, რომ უცხოელი სტუმრები ვერ ჩამოდიოდნენ ქვეყნაში, ან თავის იკავებდნენ ეპიდ სიტუაციის გამო, ქართველ დამსვენებლებსაც პრობლემა ექმნებოდათ სხვადასხვა ქვეყნებში წასვლაზე და შეიძლება ითქვას, რომ ამან შიდა ტურიზმში პოზიტიური როლი შეასრულა“,- ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნუცა აბრამიშვილის განმარტებით, კომპანიისთვის პირველივე წლებიდან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრები და არა დსთ-ს ქვეყნები, რომელიც ქართული ღვინისთვის ტრადიციული ბაზარია და შესაბამისად, ნაკლები მუშაობაა საჭირო იქ, თავის დასამკვიდრებლად.

,,რაც შეეხება ჩვენს მეორე, ძირითად მიმართულებას, მეღვინეობას, ჩვენი ვენახების მოსავალი უნდა ავიღოთ. გვაქვს გარკვეული ზარალი, რომელიც გამოიწვია 3 კვირის წინანდელმა ძლიერმა სეტყვამ კახეთში. წელსაც, ამინდმა კახეთში თითქმის ყველა მევენახე დააზარალა. ზოგადად კი, ჩვენ მიკროზონაში შეძლებისდაგვარად კარგ ყურძენს ველოდებით, რაც შემდგომ კარგი ხარისხის ღვინოზე აისახება.

კომპანიისთვის პირველივე წლებიდან პრიორიტეტია საერთაშორისო ბაზრები და ნაკლებად დსთ-ს ტრადიციული ბაზრები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთული სამუშაოა, უფრო დიდი კონკურენციის ეტაპების გავლა გვჭირდება. შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიება ვაქვს ხოლმე, ეს იქნება გავლენიან გამოცემებში სტატიები, გამოფენებში მონაწილეობა თუ ქვეყანაში გავლენიანი ექსპერტების მოწვევა და ჩვენი ღვინოების დაგემოვნება. „შუხმანი“ ყოველწლიურად დიდ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ წლიდან წლამდე ვახერხებთ ბაზრების მეტად დივერსიფიცირებას. წელსაც, როგორც გასულ წლებში, გვაქვს მოლოდინი, რომ წარმოების დიდი ნაწილი ექსპორტზე გავა",- განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ წლიურად სხვადასხვა დასახელების 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს, აქედან 97%-ს კი, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ყიდის.

თამარ მუკბანიანი